კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თანამშრომლებთან ერთად კასპის სპორტკომპლექსს ესტუმრა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თანამშრომლებთან ერთად კასპის სპორტკომპლექსს ესტუმრა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით კასპს ესტუმრა. პაატა გურასპაულს ლეხურისპირა ქალაქში თან ახლდნენ ფედერაციის წარმომადგენლები – ზაზა ღონღაძე, ალეკო პეტრიაშვილი და ზურაბ კოტრიკაძე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი დუდა სანაძე და საკალათბურთო კლუბ „ორბის“ დირექტორი, თორნიკე გიორგაძე.

პრეზიდენტმა და მისმა თანმხლებმა პირებმა დაათვალიერეს 2017 წელს ამოქმედებული კასპის სპორტული კომპლექსის საწვრთნელ-სავარჯიშო დარბაზები და სხვა ობიექტები… ორმხრივად სასარგებლო და საინტერესო საუბრები გაიმართა მასპინძელთა მხარესთან, რომელსაც წარმოადგენდნენ, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტისა და ქალაქის ხელმძღვანელები: მანუჩარ მერებაშვილი, თამაზ ტატანაშვილი, ლევან გეჯაძე და, მეორე მხრივ, სპორტული კომპლექსის დირექტორი გიორგი ნიპარიშვილი და კალათბურთის მწვრთნელები: მიხეილ მაკეივიჩი, დავით ჯინიყაშვილი და ლალი ხარაიშვილი…

ადგილობრივი კალათბურთელი ჭაბუკებისა და გოგონების გული მოიგო საქართველოს ნაკრების მოთამაშე-სტუმარმა, რომელმაც მათთან “სანაძის მასტერკლასი” ჩაატარა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო,”

ვიდრე დუდა სანაძე ბავშვებს სროლებში ეჯიბრებოდა და მათთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდა, მასპინძლებმა სტუმრებს სპორტული კომპლექსი მთლიანად დაათვალიერებინეს. მათ იხილეს ტრენაჟორების დარბაზი, საჭიდაო არენები და სასტუმრო ოთახები.

როგორც პაატა გურასპაულმა აღნიშნა, კასპის კომპლექსი მშვენიერი ადგილია შეკრებების მოსაწყობად და როდესაც სასტუმრო ოთახები ინვენტარით შეივსება, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები კასპში მოსამზადებელი შეკრებებისთვის ჩავლენ.

– ვიცოდი, რომ იყო კარგი საკალათბურთო დარბაზი, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. კასპის მერმა, მანუჩარ მერებაშვილმა გვითხრა, რომ მიმდინარეობს მუშაობა სასტომრო კომპლექსის წეს-რიგში მოსაყვანად, რომლის გამართვის შემთხვევაში კალათბურთის ფედერაცია კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს კომპლექსის ხელმძღვანელობასთან. წინასაარჩევნოდაც ვამბობდი, რომ ჩემი პრიორიტეტი რეგიონების გაძლიერება იქნებოდა. კასპში ვნახე კარგი დარბაზი, ბევრი ბავშვი და რაც კალათბურთის ფედერაციაზე იქნება დამოკიდებული, ყველანაირად შევუწყობთ ხელს.

მოზარდებთან გაჯიბრების შემდეგ გააკეთა ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ:

– დარბაზში რომ შევედი, ბავშვებმა დიდი სიხარულით მიმიღეს. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებში 10 ნომრით ვთამაშობ – შეიკრიბნენ 10 ნომრები და ერთობლივი სურათის გადაღება მთხოვეს. მათთვის ჩვენი სტუმრობა დიდი სტიმული იყო, ჩვენთვის კი დიდი სიხარულია, რადგან ხელს ვუწყობთ რეგონში, ამ შემთხვევაში კასპში კალათბურთის პოპულარიზაციას.