“კანტუმ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ადგილზე აღზევდა

“კანტუმ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე ადგილზე აღზევდა

მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო. კანტუელები მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე „ბიელას“ დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ 66:61 იმარჯვეს.
სასტარტო ხუთეულში იყო მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც მოედანზე 18 წუთი გაატარა. მანუჩარმა 4 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი ააცილა, ხოლო ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. საბოლოოდ ქართველმა უკანახაზელმა 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

გიორგი შერმადინი მოედანზე 17 წუთით გამოჩნდა და 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა. შედმადინმა ყველა ბურთი ჩააგდო, რაც კი ესროლა: 4 საჯარიმო და 1 ორქულიანი. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით შერმადინს მხოლოდ მაარტენ ლუნენმა და დენის მარკონატომ აჯობეს.
9 მოგებითა და 5 მარცხით „კანტუ“ ცხრილში მე–4 ადგილზეა. 9 მოგებითა და 4 მარცხით მესამეზეა ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“, რომელიც ამ ტურში სტუმრად „სკავოლინის“ ეთამაშება. ეს შეხვედრა ტურის ცენტრალურადაა მიჩნეული და თბილისის დროით შუაღამეს დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში სანიკიძის გუნდი ჩემპიონატის ლიდერ „ემპორიო არმანისა“ და „სიენას“ გაუთანაბრდება.
ამავე ტურში ითამაშა ნიკა მეტრეველის „დინამო სასარიმ“, რომელმაც შინ ჩემპიონატის ერთ–ერთ ლიდერ „სიენასთან“ შინ  91:75 წააგო. ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 24 წუთს ითამაშა და 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მეტრეველმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა. სარდინიელები 7-7 მოგება-წაგებით მე-8 ადგილზე იმყოფებიან.