“კანტუმ” სერია A-ში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა

“კანტუმ” სერია A-ში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა

მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. კანტუელებმა „ბანკა ტერკასს“ უმასპინძლეს და 84:76 დაამარცხეს.
 
ქართველი კალათბურთელები თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაებნენ და გამარჯვებაში თავისი წილი დაიდეს. მარკოიშვილმა 19  წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 5 სამქულიანიდან 3 ჩააგდო, 3 საშუალო ტყორცნიდან კი მეტოქის კალათში 1 მოათავსა.
 
 
 
შერმადინმა ოდნავ ნაკლები – 17 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 4–დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ამ გამარჯვებამ „კანტუ“ ცხრილის ზედა ნაწილში დააბრუნა. ქართველების გუნდი მე–4 პოზიციაზე იმყოფება.
 
მე-7 პოზიციამდე აღზევდა ნიკა მეტრეველის ”დინამო სასარი”, რომელმაც “ვარეზე” 90:79 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 9 წუთში 3 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მეტრეველმა 2-დან 1 ორქულიანი და საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, ერთხელ დაჯარიმდა და წესები მის წინააღმდეგაც ერთხელ დაირღვა.
 
მომდევნო ტურში, 18 დეკემბერს, „კანტუ“ სტუმრად „მონფერატოს“ შეხვდება, ხოლო დინამოელები ტრევიზოში „ბენეტონს“ შეხვდებიან.