გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა ნბა-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი შინ, მაიამი ჰითთან გამართა და მოხდა ის, რაც არც ერთ ქართველ ქომაგს არ სურდა. ცენტრის პოზიციაზე ფლორიდელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა ვენდელ კარტერმა, რომლის ტრავმის გამოც წინა 20 შეხვედრაში ხუთეულში უცვლელად იდგა ბითაძე. კარტერმა ტრავმა მოირჩინა და მწვრთნელმა ის ძირითადში დააბრუნა, ბითაძე კი სათადარიგო იყო და იმის ნახევარი ითამაშა, რასაც ბოლო 20 მატჩში საშუალოდ მოედანზე ატარებდა.
ეს რა თქმა უნდა, ცუდია და მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის ათამაშებს სასტარტო ხუთეულში, თუმცა თუ მათემატიკას და შედეგებს შევხედავთ, მოედანზე უფრო მეტ ხანს ყოფნას ამ ორ ცენტრს შორის უთუმცაოდ ქართველი იმსახურებს. ტრავმამდე კარტერის სტატისტიკა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ბითაძისას და მთავარი: ორლანდომ საოცარი, 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ბითაძის სასტარტოში და მისი დიდი დახმარებით მოაწყო.
ასეა თუ ისე, ჯანმრთელი კარტერი მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა, რომელმაც 23 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მისმა შემცვლელმა ბითაძემ მოედანზე გატარებულ 12 წუთში 4 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი დააგროვა, რაც შეეხება მატჩის შედეგს, ორლანდომ 106:115 წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო მატჩს ორლანდოელები 22 დეკემბერს, მილუოკიში, ბაქსთან გამართავენ.