კავკასიამ 2 ძირითადი მეფარის გარეშე ქუთაისს მოუგო

კავკასიამ 2 ძირითადი მეფარის გარეშე ქუთაისს მოუგო

სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი პლეი ოფს მიღმა დარჩენის ერთ-ერთი კანდიდატია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა თბილისში კავკასიასთან დაძაბულ ბრძოლაში – 90:96 (სტატისტიკა) წააგო და ის უპირატესობა, რომელიც უშუალო კონკურენტ “მარგვეთთან” მიმართებაში ცხრილში ჰქონდა, დაკარგა. 

ამ მომენტისთვის ქუთაისსაც და მეგასაც 7 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და ცხრილში გვერდიგვერდ, 8-9 ადგილებზე არიან. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში 8 საუკეთესო გუნდი გადის და შესაძლოა, ბრძოლაში ქულით ნაკლებით მე-10 მყოფი “ტიტებიც” ჩაებას. ერთი სიტყვით, ყველაფერი დარჩენილ 2 მატჩში გადაწყდება რომლებიც სამივე გუნდს – ტიტებს, ქუთაისს და მარგვეთს რეგულარულ ჩემპიონატში დარჩათ. მარგვეთი დღესვე ჩაატარებს 1 მატჩს – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე თსუ იქნება.

რაც შეეხება კავკასიისა და ქუთაისის შეხვედრას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბექა წივწივაძის გუნდმა საგმირო საქმე გააკეთა. კავკასიას სასტარტო ხუთეულის 2 მეფარე – ილია ლონდარიძე და აიზია ელისი აკლდათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ წივწივაძის გუნდს ფარქვეშა ბრძოლა თავიდანვე წაგებული ჰქონდა. მართალია, გუნდში იყო სამარქაფო ცენტრი, თუმცა ახალგაზრდა ნიკა ჯაიანს ის გამოცდილება და ძალა არ აქვს, რომ ქუთაისელთა გამობრძმედილ მეფარეებს არაფერი დაუთმოს.

ამიტომაც, გასაგები იყო ის ტაქტიკა, რომელიც კავკასიელებმა აირჩიეს. შორი სროლები, სწრაფი შეტევები, მეტი ინდივიდუალიზმი. ამან გაამართლა, ნიჭიერმა და საკმაოდ სარგებლიანმა ახალგაზრდა კალათბურთელმა, ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. ამას დაუმატოთ მალიქ დაფის 4-დან 4 სამიანი და ცხადი გახდება, რომ პერიმეტრზე კავკასიამ მეტოქე დაჯაბნა. საკუთარ თავზე თამაშის აღების დიდოსტატმა კრის მაკნილმა და მისნაირმა ჯასტინ ფორესტმაშანსი ხელიდან არ გაუშვეს და ბურთს უმეტესად თავად აკონტროლებდნენ. თუმცა მხოლოდ მექულეობა არ იყო მათი კრედო – ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს ისინი პასს არ უგვიანებდნენ და საბოლოოდ ორივემ 16 შედეგიანი გადაცემა გაიყო – თითოეულმა 8 პასი მიითვალა. 

მატჩს დასაწყისიდან ბოლომდე კავკასია იგებდა. უპირატესობა 10 ქულის ფარგლებში ტრიალებდა, თუმცა რამდენჯერმე 16-17 ქულაზეც ავიდა. ბოლოში ვითარება დაიძაბა. კოტე ტუღუშმა მაინც მოახერხა გამარჯვების შანსის მოპოვება, როცა ბოლო წუთზე ქუთაისმა ჩამორჩენა 2 ქულამდე (90:92) შეამცირა, თუმცა დასკვნით ეპიზოდში მაკნილმა და ფორესმა თავისი სიტყვა თქვეს და კავკასიას გამარჯვება გაუნაღდეს.

ყველაზე შედეგიანიც მაკნილი გახდა – 29 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა. გაფრინდაშვილის ანგარიშზე 31 ქულა და 2-2 მოხსნა-ჩაჭრა დაგროვდა. 14 ქულა მალიქ დაფმა, ხოლო 12 ქულა, 8 მოხსნა და 8-8 მოხსნა-პასი ჯასტინ ფორესტის ანგარიშზეა. ქუთაისში 29 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ჯარვის რეი. 21 ქულა ლუკა მაზიაშვილმა მიითვალა, კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 14 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი აკუმულირდა.

სუპერლიგის ერთი მატჩი ხვალ, 27 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: კაკტუსი გურჯაანის დელტას წინააღმდეგ.