როგორ დამაჯერებლადაც გუშინ ქუთაისმა იმარჯვა, ისე დაამარცხა დღეს კავკასიამ ქუთაისი. სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი და მეორე მატჩი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა, თუმცა განსხვავებული გამარჯვებულით. გუშინ ქუთაისმა 18 ქულით დაამარცხა კავკასია, რომელმაც დღეს მასპინძლებს 15-ქულიანი ხურდა დაუბრუნა. რომ არა ბოლო წუთზე გიორგი კორსანტიას სამქულიანი, დღევანდელ შეხვედრაშიც 18-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდებოდა.
ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა: ქუთაისში გამართული 2 მატჩიდან 1 მოიგო და მეტოქეს მოედნის უპირატესობა აართვა. დღევანდელ მატჩში კარგად გამოჩნდა ის ფაქტორები, რატომ გავიდა კავკასია ფინალში. რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გასული გუნდი პლეი ოფიდან სულ სხვანაირად ათამაშდა. ის შემადგენლობა, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობამ რეგულარული ჩემპიონატის მსვლელობისას შეკრა, პლეი ოფში მძლავრ ბირთვად ჩამოყალიბდა.
ქუთაისი ფინალურ სერიას დანაკლისით შეხვდა – დავით დოლიძე და მიხეილ ბერიშვილი ტრავმების გამო აკლდა, თუმცა მათ გარეშე იმერულმა კლუბმა სერიის პირველი მატჩი მაინც მოიგო. დღევანდელ მატჩში კავკასიამ დაბალანსებულად ითამაშა, პირველ პერიოდში 10-ქულიანი ჩამორჩენა მალევე გააბათილა და მეორე ათწუთეულში თავად გალიდერდა 10 ქულით. კავკასიელთა წარმატების მიზეზი უკანა და წინა რგოლის შეწყობილი თამაში იყო. ლუკა მაზიაშვილი სწრაფ გარღვევებს შედეგიანად აგვირგვინებდა, ფარქვეშ აიზია ელისი ბურთებსაც აგდებდა და აცილებულებსაც ხსნიდა, ჯავაუნ უილიამსი და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი თავს კომფორტულად გრძნობდნენ და შანსი რომ მიეცემოდათ, წარმატებით უტევდნენ.
პირველი ნახევრის შემდეგ კავკასია 15 ქულით იგებდა, შესვენების შემდეგ კი გაფრინდაშვილმა ზედიზედ 2 სამიანი ჩააგდო და სტუმართა უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა. აქ კი ქუთაისელებმა გაიბრძოლეს. დეტრეკ ბრაუნინგისა და გიორგი კორსანტიას შედეგიანობით მასპინძლებმა იმდენი მოახერხეს, რომ ჩამორჩენა 8 ქულამდე (67:75) შეამცირეს, თუმცა დენიელსმა მესამე პერიოდის მიწურულს ორიანი მიითვალა და ბოლო პერიოდის წინ სტუმრები 10 ქულით – 77:67 იგებდნენ.
10 ქულა არ გახლდათ დიდი სხვაობა, თუმცა კავკასიამ საიმედო დაცვით ქუთაისელებს შანსი წაართვა. მარტო დაცვით ვერას გახდებოდნენ, კავკასიელებს შეტევაშიც რომ არ ეყოჩაღათ. ჯასტინ ფორესტმა, ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, ჯავაუნ უილიამსმა და მათმა გუნდელებმა ქულები ისე წარმატებით აგროვეს, ქუთაისს წარმატების შანსი არ მისცემია. მატჩი საბოლოოდ კავკასიელთა გამარჯვებით – 97:82 (სტატისტიკა) დასრულდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
კავკასიაში 24 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, რომელმაც 24 ქულა მოაგროვა. 17 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი დენიელსის ანგარიშზე დაგროვდა. 17 ქულა მიითვალა ჯასტინ ფორესტმაც, აიზია ელისმა ანგარიშზე ორმაგი დუბლი ჩაიწერა – 13 ქულა, 10 მოხსნა. ქუთაისში საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 18 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. 22 ქულითა და 9 პასით დეტრიკ ბრაუნინგი გამოირჩა.
ფინალური სერიის მე-3 და მე-4 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 და 27 მაისს გაიმართება.