გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-7 ტური დღეს დედაქალაქში გაგრძელდა. თბილისი არენამ 2 მატჩს უმასპინძლა, რომელთაგან პირველი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდისა და ტყიბულის ორბის დაპირისპირება გახლდათ. გასული სეზონის ბრინჯაოსმედალოსანი კავკასია დებიუტანტ რეგიონის გუნდის წინააღმდეგ.
დებიუტანტის კვალობაზე ორბს საკმაოდ ნორმალური სტარტი ჰქონდა, რომელმაც საწყის 6 მატჩში 2 მატჩი მოიგო. აი, კავკასიისთვის კი 5-დან 1 გამარჯვება ძალიან ცუდი შედეგი იყო, რის გასაუმჯობესებლადაც აუტსაიდერთან მატჩი შესანიშნავი შანსი იყო. საბოლოოდ ყველაფერი ასეც მოხდა და კავკასიამ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ეს დიდ წვალებად და ოფლისღვრად დაუჯდა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ტყიბულის ორბმა კავკასიელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო პერიოდის შუაწელამდე ისეთი ვითარება იყო, გამარჯვების შანსი ორივე გუნდს თანაბარი ჰქონდა.
შეხვედრის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ორბი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა, რა დროსაც კავკასიელებმა სიჩქარესთან ერთად სიზუსტეს უმატეს. ილია ლონდარიძემ, ჯეილენ სმიტმა და ლევან გოგიჩაიშვილმა კავკასიელთა კარგი დაცვის ფონზე სროლები ჩააგდეს და თბილისური გუნდი 81:73 დაწინაურდა. მართალია, საფინალო სირენამდე საკმარისი დრო იყო დარჩენილი, მაგრამ წივწივაძის გუნდს მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და საბოლოოდ 88:81 (სტატისტიკა) იმარჯვა.
გამარჯვებულებს ილია ლონდარიძემ ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 4 დაფარება მიითვალა. 17 ქულა და 7 პასი ლუკა მაზიაშვილმა მოაგროვა, ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზე კი 17 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა. ორბში ლეგიონერები გამოირჩნენ – რაიან ჰოლანდმა 27 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. კენი კუპერმა – 19 ქულა, ხოლო დონტრელ მაკქუართერმა შეხვედრა 14 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.