კავკასიამ ზესტაფონს დამაჯერებლად სძლია და “ა” ლიგის ფინალში მეგას შეუერთდა

კავკასიამ ზესტაფონს დამაჯერებლად სძლია და “ა” ლიგის ფინალში მეგას შეუერთდა

“ა” ლიგის მოსაგებად ერთმანეთს “მეგა” და “კავკასია” შეხვდებიან. ფინალური სერია 3 მოგებამდე იქნება და გამარჯვებული მიიღებს 2021-2022 წლების სუპერლიგის საგზურს. ფინალში დღეს გასულ მეგას ბექა წივწივაძისა და კოკა ტომარაძის გაწვრთნილი კავკასია შეუერთდა, რომელმაც მესამე, გადამწყვეტ ნახევარფინალურ მატჩში დამაჯერებლად – 81:66 (სტატისტიკა) დაამარცხა ზესტაფონი.

ფინალში გასასვლელ მატჩში ბრძოლა არ შედგა და ამისი მიზეზი კავკასიელთა დალაგებული თამაში გახლდათ. ზესტაფონელები იბრძოდნენ და შემართებაც არ აკლდათ, მაგრამ მხოლოდ ძალითა და ჯიგრით კალათბურთის თამაშებს ვერ მოიგებ. კავკასიის კალათბურთელები ბევრად დალაგებულად, გუნდურად და შესაბამისად, შედეგიანად თამაშობდნენ, ზესტაფონელები კი ვერც დაცვაში უშლიდნენ მეტოქეს ხელს და ვერც შეტევაში მოქმედებდნენ კომბინაციურად. 

მხოლოდ სადებიუტო წუთებში, მცირე დროით ლიდერობდა ზესტაფონი. შეხვედრის მე-8 წუთზე ელიოტ კოულის სამქულიანით წინ რომ გავიდა, მას შემდეგ კავკასიას არც ლიდერობა დაუკარგავს და არც შემართება. პირველი პერიოდი კავკასიელებმა 23:13 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა 22 ქულამდე გაზარდეს. მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გაირკვა. თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე ზესტაფონი არ ჰგავდა გუნდს, რომელიც 22-ქულიანი ჩამორჩენას 1 ტაიმში აღმოფხვრიდა და ეს არც მომხდარა. მაქსიმუმი, რაც სერგო ათუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა, ჩამორჩენის 13 ქულამდე შემცირება იყო.

გამარჯვებულ კავკასიელებს ელიოტ კოულიმ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 14 ქულა და 13 მოხსნა შენონ ფაულერმა მიითვალა. 15 ქულა მარკიზ მეიფილდის ანგარიშზე დაგროვდა. 

ფინალური სერია მეგასა და კავკასიას შორის 22 აპრილს დაიწყება. სერიის ყველა მატჩი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრები 22, 23 და 25 აპრილს გაიმართება და ყველა მათგანი 14:30 საათზე დაიწყება. მოგეხსენებათ, ფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, სერიის მე-4 და მე-5 მატჩები 26 და 28 აპრილს გაიმართება.