კავკასიის მესამე და დელტას მეორე გამარჯვება სუპერლიგაში

კავკასიის მესამე და დელტას მეორე გამარჯვება სუპერლიგაში

სუპერლიგის დებიუტანტი კავკასია, რომელმაც საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის თასის მოგებით დაიწყო, სუპერლიგაშიც ყოჩაღობს. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ეროვნული ჩემპიონატის მესამე შეხვედრაც მოიგო მასავით დაუმარცხებელ კაკტუსთან და რუსთავთან ერთად სუპერლიგას ლიდერობს. 

კავკასიელებმა მე-3 ტურის შეხვედრაში ვერა დაამარცხეს. დავით გასიტაშვილის გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატის მე-3 შეხვედრაც წააგესო მეგასთან ერთად სუპერლიგის აუტსაიდერია. ვერელებმა შეხვედრა კარგად კი დაიწყეს, თუმცა მეორე პერიოდიდან კავკასიელებმა თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს. ტრავმის შემდეგ მომჯობინებულმა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 7 სამქულიანი და ჯამში მოგროვებული 23 ქულა – ახალგაზრდა ფორვარდმა თამაშის გარდატეხაში, რომელიც მეორე პერიოდში მოხდა, მთავარი როლი შეასრულა. 

დიდი შესვენებისთვის კავკასია 17 ქულით იგებდა და ვერელებს ერთადერთი შანსი ჰქონდათ, მესამე პერიოდში ისეთი ნიადაგი შეემზადბინათ, რომ ბოლო ათწუთეულში გამარჯვების შანსი ჰქონოდათ, თუმცა დიდი მცდელობის მიუხედავად, გასიტაშვილის გუნდმა მხოლოდ 4 ქულა აღმოფხვრა, რასაც დასკვნით პერიოდში 2-იც მიამატა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 87:73 (სტატისტიკა).

გაფრინდაშვილთან ერთად კავკასიაში 19 ქულითა და 9 მოხსნით აიზია ელისი გამოირჩა. ილია ლონდარიძემ, რომელიც ამაღამ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისლანდიაში მიემგზავრება, 14:28 წუთში 10 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ვერელთა შორის მარტის კიმბრო გამოირჩა. 15 ქულა ბორის თორთლაძემ, 12-12 კი ლუკა ზაქრაძემ და ჯამირ კოულმენმა მოაგროვეს. ამ უკანასკნელს 10 მოხსნაც ჰქონდა.

დღესვე, სუპერლიგის მე-3 ტურის ბოლო მატჩში გურჯაანის დელტამ ბათუმში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ძიძიგურის დელტამ ეროვნული ნაკრების კანდიდატი, გეგი ბაქარაძე შეიმატა, რომელიც გათავისუფლების ფურცელს ელოდება და ბათუმში არ უთამაშია, თუმცა დელტელებს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებიათ – 89:75 (სტატისტიკა)

გურჯაანელებმა შეხვედრა მძლავრად დაიწყეს და პირველივე პერიოდის შემდეგ 27:19 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მასპინძლებმა დაიწყეს თამაშის გამოსწორებისა და გადარჩენისთვის ბრძოლა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. მიზეზი დელტელთა ჩინებული თამაშია, რისი წყალობითაც ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

სუპერლიგაში ახლა სანაკრებო ფანჯარაა და ეროვნული გუნდის თამაშების შემდეგ თამაშები 19 ნოემბრიდან განახლდება.