საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კენ შილდსმა ფინეთთან შეხვედრამდე სასტუმრო “ბატესტაში” გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც ისლანდიასთან წაგებულ შეხვედრაზე, ავსტრიის მატჩსა და კიდევ ბევრ საკითხზე ისაუბრა.
მთავარმა მწვრთნელმა წარუმატებლობა საკუთარ თავზე აიღო და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ფინეთთან შეხვედრაზე მთელი ნაკრები მობილიზებული, მონდომებული და სრულად კონცენტრირებული გავა.
“მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეგვიმცირდა და ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს მატჩზე აღარ არის დამოკიდებული, ფინეთთან სულ სხვა საქართველოს ნაკრებს იხილავთ. ცხადია, რთული იქნება მოთამაშეებისთვის იმ განწყობის დაბრუნება, რაც მათ ისლანდიასთან შეხვედრამდე ჰქონდათ, თუმცა ეს ჩემი უშუალო მოვალეობაა და მჯერა, რომ ყველაფერი აღნიშნულ შეხვედრაში კარგად იქნება.
ვიქტორ სანიკიძის ტრავმა სერიოზული არ არის და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ფინეთთან მოედანზე იქნება”, – განაცხადა კენ შილდსმა.