გუშინ აჭარაში დაწყებული სუპერლიგის მე-12 ტური დღეს იმერეთში გრძელდება. აღნიშნულ რეგიონში 2 დაგეგმილი 2 მატჩიდან ერთი დასრულდა. დაძაბულ, საინტერესო და სანახაობრივ მატჩში ორბმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი გაუ დაამარცხა. ტყიბულში გამართული შეხვედრისას ტრადიციულად ტრიბუნები სავსე იყო, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ ქალაქის გუნდ ორბს უჭერდა მხარს. შესაბამისად, ბოლოს ყველამ გაიხარა – მასპინძლებმა 90:87 (სტატისტიკა) დაამარცხეს გაუ და მიმდინარე სუპერლიგის ცხრილში გაუთანაბრდნენ: ორივე გუნდს 6 მოგება და 5 მარცხი აქვს და ცხრილის III-IV ადგილებს იყოფენ.
უმეტესწილად გაუ იგებდა. რამდენჯერ დაფიქსირდა სტუმართა 4-ქულიანი ლიდერობა, ძნელი დასათვლელია. სულ ასე კატა-თაგვობანა თამაში მიდიოდა, გაუ ოდნავ გავიდოდა წინ, ორბი უთანაბრებდა, ანაც მცირედით წინ გადიოდა. საკვანძო გამოდგა კენი კუპერის გარჯა, რომელმაც ტყიბულელთა გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო. ზოგადად, ძალიან სათუთი თემაა, რომ გამარჯვებას ერთ მოთამაშეს მიაწერენ ხოლმე, თუმცა ორბი-გაუს დაპირისპირება სწორედ ის მატჩია, რომელშიც ერთი მოთამაშის დიდებულმა თამაშმა შედეგზე გავლენა მოახდინა.
კენი კუპერმა 32 წუთი ითამაშა და 30 ქულა, 6 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. თუმცა მხოლოდ სტატისტიკა ხომ არაა: კუპერმა ბოლო წუთებზე უმნიშვნელოვანესი ბურთები ყარა და 2 საკვანძო ჩაჭრაც განახორციელა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ეპიზოდი გახლდათ, რომლის დროსაც ორბის ამერიკელმა უკანახაზელმა საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე მიქაელ უგრეხელიძეს ჩაუჭრა და სწრაფი შეტევა ორქულიანით დააგვირგვინა. ამით მან 88:85 დააწინაურა ორბი და მომდევნო შეტევაც ზუსტი საშუალო სროლით დაასრულა – 90:85 დასრულებამდე 25 წამით ადრე.
ეს ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა მებრძოლი ხასიათის მქონე გაუ-ელებმა იმდენი ქნეს, რომ საქმე გამთანაბრებელ სროლამდე მიიყვანეს. ეს ასე მოხდა: კუპერის ორქულიანის შემდეგ გაუ-მ სწრაფად შეუტია და მათი ლიდერი, აიზია სმოლი ტყიბულელებმა ჯარიმით შეაჩერეს. სმოლმა ორივე ჩააგდო და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. დასრულებამდე 12 წამი იყო და ორბი უტევდა, რომლის კაპიტან მიხეილ ჭოჭუას ბურთი მიქაელ უგრეხელიძემ ჩაუჭრა და სამქულიანის ნიშნულამდე მისულმა გამთანაბრებელი ესროლა, მაგრამ ბურთი რკალმა აისხლიტა და ორბის გამარჯვების მაუწყებელი სირენაც გაისმა.
ორბის ლიდერის სტატისტიკა უკვე გაგაცანით, ვის შემდეგაც მასპინძელთაგან 22 ქულითა და 6 მოხსნით რაიან ჰოლანდი გამოირჩა. 12 ქულა და 8 მოხსნა ჯონ ნეიგლიმ მიითვალა. მსუყე ორმაგი დუბლი გაიფორმა გაუ-ს ამერიკელმალეგიონერმა, აიზია სმოლმა, რომელმაც 27 ქულას და 20 მოხსნას ხურდაში 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 დაფარებაც მოაყოლა. 13 ქულა მაიკლ რაითმა, ხოლო 12 – თევის სმიტმა მიითვალეს.
სრული მატჩის სანახავი ბმული: