ხაშურში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

ხაშურში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

11 მარტს, ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე (#103) გაიხსნა ახლად აშენებული მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელში მომზადებასაც შეძლებს სხვადასხვა სპორტის სახეობის 1500-ზე მეტი სპორტსმენი.

ახალ სპორტის სასახლეში კეთილმოეწყო საკალათბურთო, ფუტსალის, საჭიდაო, ძალოსნობის და ფიტნეს დარბაზები. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი. დასრულებულია მცირე საკონფერენციო დარბაზისა და კაფე-სასადილოს მოწყობაც. შენობაში განთავსებულია 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო. სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

ასევე, კეთილმოეწყო სპორტკომპლექსის ეზოც, სადაც განთავსებულია მინი-სტადიონი, საჩოგბურთო მოედანი, ავტოსადგომი, რეკრეაციული ზონა. ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე 700 000 ლარი დაიხარჯა.

სპორტული კომპლექსის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში გიორგი ხოჯევანიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტი წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში შოთა ხაბარელი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ასევე ძიუდოში თემურ ხუბულური და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

დარბაზის საზეიმო გახსნით საკალათბურთო მატჩში ერთმანეთს “დინამო თბილისის” ვეტერანები და ადგილობრივი კალათბურთელები შეხვდნენ. თბილისურ გუნდში თამაშობდნენ – ზაზა ღონღაძე, ვლადიმერ ძიძიგური, ვალენტინ დერიუგინი, გია ბერიაშვილი, შალვა ონიანი, ხოლო მწვრთნელი კახა ბაღათურია გახლდათ. გუნდებს, სიმბოლურად, ახალგაზრდა მოთამაშეებიც ჰყავდათ დამატებული და შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით – 42:34 დასრულდა.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტის და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით განხორციელდა. სამშენებლო პროცესი რეგიონული განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტის  ღირებულებამ 2 292 455 ლარი შეადგინა.