საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ხორავამ “ვინგსს” თსუ-სთან მოაგებინა

ხორავამ “ვინგსს” თსუ-სთან მოაგებინა

14 მარტს ოლიმპიურმა სასახლემ “ბ” ლიგის 20-წლამდელთა ემპიონატის 3 მატჩს უმასპინძლა. ყველაზე დაძაბულიგამოდგა ბოლო შეხვედრა, რომელშიც “ვინგსმა” ბოლოსწინა წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით 77:74 დაამარცხა თსუ. მატჩის უმეტეს დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იგებდა. მატჩის მე-14 წუთისთვის სტუდენტების უპირატესობამ 17 ქულას მიაღწია (37:20), თუმცა “ვინგსი” არ დანებდა, თითოეულმა მოთამაშემ ბოლომდე იბრძოლა და უკანასკნელ წამზე, როცა ყველას ეგომა, ოვერტაიმი გარდაუვალი იყო, ლევან ხორავას შესანიშნავი გარღვევის შედეგად “ვინგსმა” იმარჯვა.

ანგარიში თანაბარი იყო – 74:74 და ბოლო შეტევა თსუ-სი გახლდათ. სტუდენტებმა გაათამაშეს ბურთი და ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამით ადრე შეუტიეს. ბურთი აცდა, რომელიც “ვინგსის” კალათბურთელებმა მოხსნეს და ხორავას მიაწოდეს. ის გასცდა მეურვეს, რომელმაც არასპორტული ხერხით შეაჩერა და დარღვევის მომენტში, როცა სირენამდე 1.6 წამი რჩებოდა, ხორავამ სროლა მოასწრო. ბურთი კალათში ჩაეშვა, თსუ-ს მცველი კი არასპორტულით დაჯარიმდა. ხორავამ პირველი საჯარიმო ჩააგდო, მეორე ააცილა და დროც ამოიწურა.

მატჩის გმირმა ხორავამ შეხვედრა 25 ქულით დაასრულა. 15 ქულა ჰქონდა ჯეკო ადეიშვილს, ხოლო 10 – გიორგი თამარაშვილს. თსუ-ში 26 ქულით გამოირჩა ბაჩო მარქარიანი, ხოლო სანდრო ჯორბენაძემ და რამაზ ბუჩუკურმა შეხვედრა 21-21 ქულით დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ ბუჩუკურს მეტად იშვიათ სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. მის ანგარიშზე 21 ქულასა და 15 მოხსნასთან ერთად 9 დაფარება დაგროვდა. ამ ბოლო კომპონენტით სამმაგი დუბლის შესრულება ნებისმიერი რანგისა და ასაკის ჩემპიონატში უდიდესი მიღწევაა. 

დარჩენილ 2 მატჩში მეტ-ნაკლებად დაძაბული იყო “აკადემიისა” და “აფხაზეთის” დაპირისპირება. სერგო ათუაშვილის გაწვრთნილმა |აფხაზეთმა” საკმაოდ დიდი ბრძოლა გაუმართა ფავორიტ აკადემიელებს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 71:83. “აკადემიაში” 20 ქულით საუკეთესო იყო გიორგი კვაჭანტირაძე. ლაშა მიქელაძემ 10 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. “აფხაზეთში” 22 ქულა – 10 მოხსნით ბორის თორთლაძე გამოირჩა. 

დაბოლოს, “ზაზას” და “ალფას” დაპირისპირება. ტურნირის კიდევ ერთმა ფავორიტმა – ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა 75:57 სძლია ძმები ზაქრაძეების გუნდ “ალფას”. გამარჯვებულთაგან სამმა მოთამაშემ უწია 14 ქულას – ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა, დაჩი ქავთარაძემ და დავით შუკაკიძემ. ნიკა ჯაიანის ანგარიშზე 12 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა. “ალფაში” 12 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ნიკა გოგოხიას.

შემდეგი ტურის მატჩები 18 მარტს გაიმართება.