ხორხე გარბახოსა ფიბა ევროპის ახალი პრეზიდენტია

ხორხე გარბახოსა ფიბა ევროპის ახალი პრეზიდენტია

ხორხე გარბახოსა ფიბა ევროპის ახალი პრეზიდენტია. ესპანეთის შემადგენლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად აირჩიეს. მან შეცვალა თურგაი დემირელი, რომელიც ფიბა ევროპას 2 ვადით – 2014-2019 და 2019-2023 წლებში ხელმძღვანელობდა.

გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ფიბა ევროპის ასამბლეას კონტინენტის კალათბურთის ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდან ასამბლეაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე, გენერალური მდივანი, დავით საყვარელიძე და მისი მოადგილე ლაშა გამყრელიძე. ფიბა ევროპის პრეზიდენტობის კანდიდატი 2 იყო: გარბახოსას კონკურენტობას უწევდა ჟან-პიერ სიუტა, თუმცა 50 ფედერაციიდან 35-მა მხარი ესპანელმა კანდიდატს დაუჭირა.

არჩევნების დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ, რომელსაც გარბახოსასთან ხანგრძლივი ნაცნობობა აკავშირებს და მას მოედანზეც არაერთხელ შეხვედრია, ფიბა ევროპის ახალ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა. გასული წლის სექტემბერში გარბახოსა თბილისში იმყოფებოდა – ის ევრობასკეტის მომავალი ჩემპიონი ესპანეთის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იყო.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ თურგაი დემირელს. თქვენ იყავით თქვენი გუნდის საბჭოში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, თქვენ იყავით ჩემთვის შთაგონების წყარო. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო 50-ვე ფედერაციას. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია ერთად ვიმუშაოთ, რადგან ერთად უკეთ ვართ. მე ვიბრძოლებ და ვიმუშავებ ევროპაში კალათბურთის განვითარებისთვის” – განაცხადა გარბახოსამ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

FIBA ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილ ნოვაკი: “ეს არის საინტერესო დრო ევროპული კალათბურთისთვის და ჩვენ მოუთმენლად ველით მუშაობას ჩვენს ახალ საბჭოსთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ პროგრესი გაგრძელდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობს წლევანდელ გენერალურ ასამბლეაში. ეს გახლავთ ერთსა და იმავე მიზნის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის დასტური. ”

ასამბლეამ აირჩია ფიბა ევროპის აღმასრულებელი საბჭოს (ბორდის) 23 წევრი, რომელთაგან 16 წინა საბჭოშიც შედიოდა, ხოლო 7 – ახალი წევრია. წარმოდგენილი 2 კანდიდატიდან ასევე აირჩიეს ფიბა ევროპის ახალი ხაზინადარი – პოლონელმა გრეგორ ბაჩინსკიმ ავსტრიელ ჰერალდ მარტენსს აჯობა და ახალ ოფისში შევიდა. 

ვიქტორ სანიკიძე და ხორხე გარბახოსა