“კლაიპედოს არენასთან” ქართველების მოზღვავებაა

“კლაიპედოს არენასთან” ქართველების მოზღვავებაა

მატჩამდე, რომელსაც 30 იანვრის შემდეგ მთელი საქართველო ელოდება, საათზე ნაკლები რჩება. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – ამ შეხვედრის მნიშვნელობის ახსნა არავის უნდა. ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩია.
 
საქართველოს ქომაგები ნელნელა გროვდებიან დარბაზში. არენის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველების სიჭარბე თვალშისაცემია. ეროვნულ დროშებში, საყვირებში და სხვადასხვა ეროვნული ატრიბუტებით შეიარაღებული ქართველები ყიჟინით გროვდებიან „კლაიპედოს არენასთან“.
 
დარბაზში, ტაბლოს ქვეშ, ქართველმა გულშემატკივრებმა უდიდესი ხუთჯვაროვანი დროშა გამოფინეს. ხოლო არენის წინ 50–ამდე ქომაგმა ერთხმად შეასრულა საქართველოს ჰიმნი.
 
საკუთრივ გუნდის წევრები კი უკვე არენაზე არიან და ბელგია–ბულგარეთის შეხვედრის ბოლო წუთებს ადევნებენ თვალს.
 
აი, დასრულდა მატჩიც – ბულგარეთმა 68:65 დაამარცხა ბელგია. ქართველი და რუსი კალათბურთელები მოედანზე გამოდიან.