კონერ ფრენკამპმა ტრავმა მიიღო

კონერ ფრენკამპმა ტრავმა მიიღო

სანკტ-პეტერბურგის ზენიტში მოთამაშე საქართველოს მოქალაქე ამერიკელმა კალათბურთელმა, კონერ ფრენკამპმა ტრავმა მიიღო. VTB ლიგის პირველსავე მატჩში ფრენკამპი დაშავდა და ჯერ უცნობია, როდის დაუბრუნდება ის მოედანს. 

ფრენკამპი ტალინის კალევთან მატჩში პეტერბურგელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძელთა პირველი ქულებიც მიითვალა (ორქულიანი ჩააგდო), თუმცა, 02:46 წუთის თავზე დაშავდა და თამაშში აღარც ჩართულა. 

როგორც მატჩის მერე ზენიტის მთავარმა მწვრთნელმა ხავი პასკუალმა განაცხადა, ფრენკამპის გამოკლებამ მისი გეგმები საკმაოდ არია, თუმცა, ფავორიტად შერაცხულმა რუსულმა კლუბმა მაინც დამაჯერებლად იმარჯვა – 75:60.

ფრენკამპის გუნდს VTB ლიგაში მომდევნო შეხვედრა 4 ოქტომბერს ყაზახურ ასტანასთან ელის, მანამდე კი, 1 ოქტომბერს, ევროლიგის ეგიდით, კიდევ ერთ რუსულ კლუბ ყაზანის უნიკსს ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ კონერ ფრენკამპს საქართველოს ნაკრებში დებიუტი წლეულს თებერვალში ჰქონდა, როდესაც ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლში სერბეთის წინააღმდეგ ითამაშა. საინტერესოა, რომ ამერიკელი უკანახაზელი იმ მატჩშიც დაშავდა და საქართველოს მაისური აღარც მოურგია.