კრასიმირ ლონჩარს ხორვატიის ნაკრებში თამაში აღარ სურს

კრასიმირ ლონჩარს ხორვატიის ნაკრებში თამაში აღარ სურს

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატიას ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი განუდგა. 30 წლის კრასიმირ ლონჩარმა, რომელიც მოსკოვის „ხიმკის“ ღირსებას იცავს, ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაკრებში თამაშს აღარ აპირებს.
 
„ფიზიკური მდგომარეობა ხელს არ მიწყობს, რომ მომქანცველი სეზონის შემდეგ ნაკრებში ვითამაშო. იმედი მაქვს, ნაკრების თავკაცი იასმინ რეპეშა ამ მდგომარეობას გაითვალისწინებს და ეროვნულ გუნდში ახალგაზრდა კალათბურთელებს მიიწვევს“ – განაცხადა ლონჩარმა ჟურნალ „კოშარკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
 

 
ლონჩარი 210 სანტიმეტრის სიმაღლისაა და ბოლო 3 წელია, რუსულ „ხიმკიში“ თამაშობს. მიმდინარე სეზონში კრესიმირი მოედანზე საშუალოდ 19,2 წუთს ატარებს, რა დროშიც 8,3 ქულას, 3,8 მოხსნას და 1 პასს აგროვებს. 30 წლის ფორვარდი ერთ დროს მანუჩარ მარკოიშვილის თანაგუნდელიც იყო, 2002-03 წლებში ეს ორი კალათბურთელი იტალიურ „ტრევიზო ბენეტონში“ თამაშობდნენ.
 
შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე ჯგუფში საქართველოს მეტოქეა. ამ 2 ნაკრებთან ერთად ჯგუფში ესპანეთი, პოლონეთი, სლოვენია და ჩეხეთი არიან. საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებები ერთმანეთს 5 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.