კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხე ტური დღეს ორი გამორჩეული და საინტერესო მატჩით გაგრძელდა, რომლებიც ბათუმსა და თბილისში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ორივე დაპირისპირებაში მონაწილე გუნდები პარალელურად წარმოდგენილნი არიან ევროპულ საკლუბო ტურნირებზე — „ბათუმი“ ფიბა-ს ევროპის თასზე ასპარეზობს, ხოლო კსუ „კავკასია“ ევროპის ჩრდილოეთის საკალათბურთო ლიგაში (ENBL) იცავს საქართველოს სახელს.
 
აჭარის დედაქალაქში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, „ბათუმი“ და კსუ „კავკასია“ დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული და გარდამავალი გამოდგა: მიუხედავად იმისა, რომ კავკასიელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, მასპინძლებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და მესამე პერიოდში ბრწყინვალედ ითამაშეს, რომელიც 20:7 მოიგეს. ამგვარად, დასკვნითი 10-წუთეულის წინ ბათუმელები 3-ქულიანი სხვაობით (64:61) დაწინაურდნენ.

მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ბოლო პერიოდი ძალზე ძლიერად და ორგანიზებულად ჩაატარეს, მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ათწუთეული 19:7 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც 80:71 მოიპოვეს. კავკასიის შემადგენლობაში შედეგიანობით ჯასტინ ფორსტი (16 ქულა, 5 პასი), გიორგი ტურძილაძე (14 ქულა, 7 მოხსნა), აკაკი დვალიშვილი (13 ქულა) და სანდრო სანაძე (11 ქულა) გამოირჩნენ, ხოლო „ბათუმის“ რიგებში ბრწყინვალე იყო გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც 30 ქულა და 5 პასი მიითვალა, ლარი პაუელმა 16 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო კარსონ ბაშამმა 11 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

 
მეორე შეხვედრა თბილისის ძველ სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც „ბლექ ფორტრესმა“ „თელავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 79:88 დამარცხდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში თელაველები ლიდერობდნენ, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ბოლო წუთებამდე უჭირდათ და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ დასკვნით პერიოდში მოახერხეს. ეს მატჩი განსაკუთრებული და პრინციპული იყო ტროი საიმონსისთვის, რომელსაც „თელავის“ რიგებში დებიუტი ჰქონდა, შარშან კი სწორედ „ბლექ ფორტრესის“ ღირსებას იცავდა და ამ გუნდის წარმატებებიც ძირითადად მის სახელს უკავშირდებოდა. საიმონსი მატჩის აბსოლუტური გმირი გახდა — მან სადებიუტო შეხვედრაში 24 ქულა ჩააგდო და ფაქტობრივად მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით თელავმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. „ბლექ ფორტრესის“ შემადგენლობაში ლუკა კალატოზიშვილმა 21 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, დონდრე რედიკმა 18 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო სერგი ნინუას ანგარიშზე 13 ქულა და 6 პასი იყო; თელაველთა მხრიდან კი ტროი საიმონსის (24 ქულა) გარდა, გრეგორი მილტონმა (11 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი), ვატო გარჩილაძემ (13 ქულა) და მაილს კარტერმა (12 ქულა, 6 მოხსნა) გამოიჩინეს თავი.
 
სატურნირო ცხრილის სათავეში მიმდინარე ეტაპზე 4 მოგებით კსუ „კავკასია“ ლიდერობს (8 ქულა), მეორე-მეოთხე ადგილებს „თსუ“, „თელავი“ და „ივერიონი“ ინაწილებენ (თითოეულს 6 ქულა აქვს).
 
სუპერლიგის მეოთხე ტური ხვალ, 25 ოქტომბერს, ორი მატჩით დასრულდება: „მარგვეთი“ „ორბს“ „თბილისი არენაზე“ დაუპირისპირდება (14:30 სთ), ხოლო „ქუთაისი“ საკუთარ არენაზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში თსუ-ს უმასპინძლებს (18:30 სთ).