დღეს, ვერაზე, ლარსის ქუჩა 4 ნომერში, სადაც თავისი ცხოვრების ბოლო წლები დიდმა ქართველმა კალათბურთელმა, ლევან ინწკირველმა გაატარა, მისი სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. ლევან ინწკირველს დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა, ეს პირველი დაბადების დღეა, რომელსაც ბატონი ლევანი ცოცხალი ვერ ხვდება. დღეს გახსნილ მემორიალურ დაფაზე ასეთი წარწერაა:”ამ სახლში ცხოვრობდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი და მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი ლევან ინწკირველი”.
მემორიალური დაფის გახსნაზე ლევან ინწკირველის მეგობრები და ოჯახის ახლობლები შეიკრიბნენ. დაფიდან კი ფარდა მისმა შვილიშვილმა, პატარა ლევან ინწკირველმა ჩამოხსნა.
ვაჟა ჟღენტი, ვეტერანი კალათბურთელი:“კარგია, რომ დავიწყებას არ ეძლევა ღვაწლმოსილი სპორტსმენის სახელი. არადა, არის არაერთი მაგალითი, როცა ცნობილი სპორტსმენების მოგონებაც არ რჩება. ლევანი ჯიგრიანი, ტემპერამენტიანი და მეტად ტექნიკური, სულით სპორტსმენი იყო. მასთან ერთად დიდი “დინამოს” წევრი გახლდით, რომელმაც სამ-სამჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და თასი”.
ვაჟა გვანცელაძე, ვეტერანი კალათბურთელი: “ლევანმა კალათბურთი 16 წელი ითამამაშა, მასთან ერთად გუნდში 10 წლის განმავლობაში ვირჯებოდი. ინწკირველის გვერდზე ასპარეზობა სასიამოვნო იყო. იგი მრავალმხრივი არამიანი გახლდათ, ბილიარდსაც შესანიშნავად თამაშობდა და ფეხბურთსაც. მახსოვს, დიღომში ფეხბურთელებთან ერთად შეკრებაზე ვიყავით. ლევან ინწკირველი და ვაჟა ღღენტი ორ მათგანს ფეხბურთში გაეჯიბრნენ და მოუგეს”.
ილარიონ ხაზარაძეს ლევან ინწკირველთან ერთად 1962 წელს ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული:“ძნელია ჩემთვის მეგობრის გახსენება, რომელთანაც 10 წელი ვითამაშე. თუმცა, კარგია, რომ ქალაქს მისი მემორიალური დაფაც დაამშვენებს”.
მარინა ინწკირველი, ლევან ინწკირველის შვილი:“1 წლის წინ პრესაში დაიწერა, რომ მამაჩემი იყო კაშკაშა ვარსკვლავი და ლეგენდარული კალათბურთელი. როგორც ვიცი, ვარსკვლავები არ ქრებიან და ლეგენდაც არ კვდება. იმედი მაქვს, რომ საქართველო არ დაივიწყებს ლევან ინწკირველის სახელს.”
ლევან ინწკირველი იყო ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი 1962 წელს; საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი 1950, 1953, 1954 წლებში; სამგზის მეორე 1959, 1960, 1961 წლებში და ორგზის მესამე პრიზიორი 1948, 1952-ში; სამგზის საბჭოთა კავშირის თასის მლობელი 1949, 1950, 1951 წლებში. ლევან ინწკირველი 1963-64-ში თბილისის `დინამოს~ მოთამაშე მწვრთნელი გახლდათ, ხოლო მთავარი მწვრთნელად 1968-70 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968), მეორე პრიზიორი (1969) და თასის მფლობელი (1969).