ლაშა გამყრელიძე: სეზონს საქართველოს სუპერლიგაში ჩავამთავრებდი

ლაშა გამყრელიძე: სეზონს საქართველოს სუპერლიგაში ჩავამთავრებდი

ბოლო მატჩებია, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლაშა გამყრელიძე გერმანული “გესენის” განაცხადში არ გამოჩენილა. ქართველ გამთამაშებელს ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს. გამყრელიძეს გუნდზე გული აცრუებული აქვს, რადგან “გესენში” ახალი, შავკანიანი ამერიკელი მწვრთნელი მივიდა, რომელიც აქცენტს თავისი რასის წარმოადგენლებზე აკეთებს და ამერიკიდან 33 წლის, ლაშას ამპლუის მოთამაშეც ჩამოიყვანა. მიუხედავად მწვრთნელის გამოცვლისა, “გესენის” წაგებათა სერია გრძელდება.

– ფეხის უკანა კუნთი მაქვს დაჭიმული და სავარაუდოდ, ორ კვირაში მწყობრში ვიქნები – გვითხრა ლაშა გამყრელიძემ, გერმანიაში რომ შევეხმიანეთ.- და მოედანზეც გიხილავთ…- ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. ცოტა ხნის წინ ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელიც შავკანიანია და ცდილობს, თავისი რასის წარმომადგენლები ათამაშოს. მან ამერიკიდან ჩემი პოზიციის შავკანიანი მოთამაშე ჩამოიყვანა, რომელიც 33 წლისაა, თუმცა მაინც არაფერი შეცვლილა – “გესენი” როგორც აგებდა, ისევე აგებს.- ბოლოს, როცა მოედანზე იყავი, ცოტას თამაშობდი…- ეს სწორედ ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ ხდება. ძირითადად ამერიკელ გამთამაშებელს უწევს მოედანზე ყოფნა.- წაგებები რისი ბრალია?- იმის, რომ გუნდს არაკომპეტენტური ხელმძღვანელები ჰყავს. აქამდელი მწვრთნელი ფინანსისტია, რომელიც ახლა გენერალური მენეჯერი გახდა და გუნდის პოლიტიკასაც კვლავინდებურად ის წარმართავს. როგორც ჩანს, მისი საქმიანობა არადამაკმაყოფილებელია, გუნდს არც ახალი მწვრთნელის მოსვლამ უშველა. ჩემპიონატი 5 გამარჯვებით დავიწყეთ, რის შემდეგაც წაგებების გაუთავებელი სერია დაიწყო და დღემდე გრძელდება.

– გუნდის გამოცვლაზე არ გიფიქრია?- სხვათა შორის, მქონდა შემოთავაზებები კვიპროსისა და პოლონეთის გუნდებიდან, მაგრამ “გესენმა” არ გამიშვა. – სეზონის დასრულების შემდეგ რას გეგმავ?- მინდა გერმანიაში დავრჩე, აქ საკმაოდ კარგად მოვეწყვე. თუ არ გამომივა, სავარაუდოდ კვიპროსში, ან პოლონეთში გადავალ. იმედია, იმ გუნდებს, რომლებიც შუა სეზონში მიწვევდნენ, მერეც ვენდომებით. “გესენში” დარჩენა ნამდვილად არ მინდა.- შევიტყვეთ, რომ შესაძლებელია, ეს სეზონი საქართველოს სუპერლიგაში ჩაამთავრო…- ბუნდესლიგის რეგულარული ჩემპიონატი 23 აპრილს მთავრდება. ჩვენი გუნდი პლეი ოფში ვერ გავა. ის კი არა, გავარდნის საშიშროებაც არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, 23 აპრილიდან თავისუფალი ვარ და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი სეზონის დარჩენილ პერიოდს საქართველოში. მანდ 23 აპრილისთვის პლეი ოფის პირველი წრე იქნება დასრულებილი და ფავორიტ გუნდებს გადამწყვეტი მატჩები წინ ექნებათ. თუმცა ვიცი, რომ “არმიასა” და “შსს-ს განაცხადში ადგილები აღარ აქვთ. – სამაგიეროდ, სხვა ფავორიტებს: თსუ-სა და “ქუთაისს” აქვთ.- სამწუხაროდ, ჯერ არავინ შემხმიანებია.- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შანსებზე რას იტყვი?- კენჭისყრით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლა რეალურია. ოღონდ საამისოდ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ყველა გუნდი ჯგუფიდან გასვლას გეგმავს და დარწმუნებული ვარ, თითოეული ბოლომდე დაიხარჯება. უმნიშვნელოვნესია მომზადების პროცესის კარგად წარმართვა და ჯანმრთელობის გაფრთხილება. თითოეულ ნიუანსს უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან ფავორიტების შემდეგ გუნდები დაახლოებით თანაბარი ძალისანი არიან.- ნაკრებში შენს პოზიციაზე ამერიკელი ტორინ გრინი გვყავს. თუ აკვირდები მის თამაშს ესპანეთის ჩემპიონატში? – გრინი საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობს და ეს საქართველოს ნაკრების ქომაგებს თავისთავად უნდა ახარებდეთ.- არის კიდევ ერთი ქართულპასპორტიანი ამერიკელი უკანახაზელი ტაირონ ელისი, თუმცა ფიბა-ევროპა განაცხადში მხოლოდ ერთი ნატურალიზებული მოთამაშის შეყვანის უფლებას იძლევა. შენი აზრით, რომელი უფრო გამოადგება ჩვენს ნაკრებს?- ორივესთან მითამაშია – გრინიც და ელისიც ძალიან სასარგებლო კალათბურთელები არიან. მე უარს არც ერთზე არ ვიტყოდი, თუმცა საბოლოოდ ვინ ითამაშებს, ეს მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა უნდა გადაწყვიტოს.