ლატვიასთან მეორე სპარინგ-მატჩში იგორ კოკოშკოვმა ლიდერები არ დატვირთა

ლატვიასთან მეორე სპარინგ-მატჩში იგორ კოკოშკოვმა ლიდერები არ დატვირთა

ევროპის ჩემპიონატამდე ბოლოსწინა მოსამზადებელი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ქალაქ ვენტსპილსში ლატვიასთან 73:84 დათმო. 2 დღის წინ იგორ კოკოშკოვის გუნდმა ბალტიისპირელები 83:79 დაამარცხა, დღეს კი ჩვენებს შედეგზე არ უთამაშიათ – მწვრთნელმა გუნდის ძირითად შემადგენლობას საშუალოზე ნაკლები სათამაშო დრო გამოუყო. ბოლო მეოთხედში მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა ის ძირითადი შემადგენლობა, რომელმაც შეხვედრა დაიწყო.
 
მოსამზადებელი მატჩები საიმისოდაა, რათა მწვრთნელმა საკუთარ ჩანაფიქრებს ხორცი შეასხას. არის კიდევ გარკვეული მომენტები, რის გამოც შედეგზე მეტი ყურადღება სხვა დეტალებს ექცევა. საქართველოს ნაკრებისთვის ლატვიასთან თამაში სასარგებლო იყო იმით, რომ სამწვრთნელო შტაბს თავისუფლად მოქმედების საშუალება ჰქონდა. ლატვიელებმა სულაც მთავარი ლიდერის, იანის ბლუმსის გარეშე ითამაშეს, რომელსაც ტრავმა არ აწუხებდა – უბრალოდ, მწვრთნელმა ის დაასვენა.

 
საქართველოს ნაკრებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა. ზაზა ფაჩულიას და მანჩარ მარკოიშვილის ქულებით ჩვენები 10:3 დაწინაურდნენ, რასაც დაცვაში კარგი თამაშიც დაემატა და კოკოშკოვის გუნდმა პირველი მეოთხედი სოლიდური უპირატესობით – 24:16 მოიგო.
 
განახლდა მატჩი და მარკიზ ჰეინსის გარღვევის შემდეგ ქართველების უპირატესობა 10 ქულამდე გაიზარდა – 26:16, თუმცა რად გინდა. მორიგ წუთებში ჩვენებმა შეცდომებს უმატეს, ლატვიელებმაც გაილაღეს და მომდევნო ორწუთიანი მონაკვეთი 11:0 მოიგეს. რიჩარდ კუკსიკსისა და ედგარ იერომანოვსის სამქულიანების შემდეგ ლატვიელები 27:26 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ვიქტორ სანიკიძის ჯერი დადგა, რომელმაც არნახული სილამაზის ბურთი ჩატენა და პლუს მეტოქეს ჯარიმაც აჰკიდა. ეფექტურმა თამაშმა ვერც ჩვენები გააქტიურა და ვერც მეტოქე შეაშინა. ლატვიამ განაგრძო პლაგმატული თამაში და პირველი ტაიმის ბოლოს სამი ქულით დაწინაურდა – 42:39.
 
მესამე მეოთხედში კვლავ მასპინძლეთა კარნახით წარიმართა თამაში. ბურთს უმეტესად ქართველები ფლობდნენ, მაგრამ ლატვიელები უფრო შედეგიანად თამაშობდნენ. ზუსტი სამქულიანების ხარჯზე მეოთხედის ბოლოს მასპინძელთა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა. ამ დროისთვის მოედანზე უკვე აღარ იმყოფებოდა ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობის უმეტესობა და კოკოშკოვს ისინი თამაშის ბოლომდე აღარ დაუსაქმებია. სათადარიგო მოთამაშეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშეს და ლატვიის ნაკრებს ბოლო მეოთხედი 17:16 მოუგეს.
 
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 27 აგვისტოს ვილნიუსში, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ლიტვასთან გამართავს. კოკოშკოვის გუნდი 28 აგვისტოს კლაიპედაში გადაინაცვლებს და 31 აგვიოსტოდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.
 
ამხანაგური მატჩი. ვენტსპილსი. 24 აგვისტო
ლატვია 84:73 საქართველო
16:24 26:15 26:17 16:17