ლატვიელთა ნაკრების მზვერავი და მთავარი მწვრთნელი ერთი პიროვნებაა: აინარს ბაგაცკისი

ლატვიელთა ნაკრების მზვერავი და მთავარი მწვრთნელი ერთი პიროვნებაა: აინარს ბაგაცკისი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე ლატვიის ნაკრებია, რომლის მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი ქართულ კალათბურთს კარგად იცნობს. ბაგაცკისი სუპერლიგაში მოასპარეზე „სოხუმს“ წვრთნიდა და ჩვენს შიდაჩემპიონატში მიმდინარე მოვლენები ზეპირად იცის. ლატვიელთა დამრიგებელმა კენჭისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ:

“იოლი მეტოქეები ნამდვილად არ შეგვხვდა, თუმცა, არც იმ “სიკვდილის ჯგუფს” გავს, რომელშიც წინა შესარჩევში მოვხვდით. ახლა, ყველაზე ძლიერად F ჯგუფი მიმაჩნია, სადაც კენჭისყრამ იტალია და თურქეთი გაამწესა.
 ჩვენი მოწინააღმდეგეებიდან საქართველოს ნაკრების შესახებ ყველაფერი ვიცი. ბოსნიელებს გამოცდილი გუნდი ჰყავთ და ბევრი რა იმაზე იქნება დამოკიდებული, მათი ლიდერები შესარჩევ ტურნირს როგორ ფორმაში შეხვდებიან. რუმინელებს მხოლოდ უნივერსიადის დონეზე დავპირისპირებივარ და ვიცი, რომ ხშირად პროვოკაციებს მიმართავენ, ჰოლანდიელთა შესახებ კი ინფორმაცია ნაკლებად მაქვს.
 დღესდღეობით, ჯგუფში საუკეთესო შანსები საქართველოს აქვს. შეიძლება, დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, თუმცა, ამ ქვეყანაში ფეხბურთს წამყვანი სპორტის როლი კარგა ხანია აღარ უჭირავს. კალათბურთი ძალიან პოპულარული გახდა, რასაც ხელს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერად უწყობს. ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშისთვის მილიონ დოლარამდე მიიღეს და დარწმუნებული ვარ, ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის ახლაც მაქსიმუმს გააკეთებენ.
 მართალია, საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლაა მოსალოდნელი, თუმცა, საინტერესო მოთამაშეები ახალგაზრდებშიც ჰყავთ. ცხადია, ყველაფერი ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ მოედანზე მათთან წასაგებად გავალთ. საკუთარი ძლიერი მხარეები ლატვიის ნაკრებსაც გააჩნია, ამდენად, არა მარტო საქართველოსთან, არამედ, ნებისმიერ სხვა მეტოქესთანაც მხოლოდამხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”.