ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ნოდარ ჯორჯიკია 100 წლის გახდებოდა

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ნოდარ ჯორჯიკია 100 წლის გახდებოდა

დღეს, 15 ნოემბერს ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის ნოდარ ჯორჯიკიას დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ნოდარ ჯორჯიკია 1921 წლის 15 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა. ბრწყინვალე საკალათბურთო კარიერის განმავლობაში კი არაერთი ტიტული მოიგო და ქართული კალათბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ნოდარ ჯორჯიკია გახლდათ ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1952), ევროპის ჩემპიონი (1947), საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1944, 46, 50, 53, 54), ჰელსინკის ოლიმპიადის კალათბურთელთა სიმბოლური ხუთეულის ნაკრების წევრი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი და არაერთი ტიტულის და საპატიო პრიზის მფლობელი. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია პატივს მიაგებს ნოდარ ჯორჯიკიას მოღვაწეობას და მის მიერ შეტანილ წვლილს ქართული კალათბურთის განვითარებაში.

წარმოგიდგენთ ნოდარ ჯორჯიკიასთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო ამბავს, რომელიც სპორტულმა გაზეთმა “ლელომ” მის იუბილესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

ნოდარ ჯორჯიკიამ პირველ საერთაშორისო წარმატებას 1947 წელს მიაღწია საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც გამოდიოდნენ კალათბურთის დიდოსტატები – ოთარ ქორქიაევგენი ალექსეევიიური უშაკოვიანატოლი კონევივასილ კოლპაკოვისერგეი ტარასოვისტიაპას ბუტაუტასიიუსტას ლაგუნავიჩუსივიტაუტას კულაკაუსკასიკაზის პეტკიავიჩუსიილმარ კულამი და ივან ლისოვი. პრაღიდან იგი ოქროს მედლით დაბრუნდა.

აი, რას წერს ევროპის ჩემპიონ ნოდარ ჯორჯიკიას დამსახურებაზე კალათბურთის ცნობილი სპეციალისტი ალექსანდრ გომელსკი წიგნში “მუდმივი გამოცდა”: “საბჭოთა კალათბურთში ნოდარ ჯორჯიკია ფრიად გამოკვეთილი ფიგურაა. ის თამაშობდა აზარტულად, სიამოვნებით და მიმზიდველად.

შეუძლებელი იყო ნოდარის მორიგი სვლის გამოცნობა. მისი მეკარისებური აკრობატული ნახტომები ყველას ანცვიფრებდა. მცველის უნიკალური თვისებების მქონე, ყოველთვის მეტოქეთა ყველაზე საშიშ თავდამსხმელებს მეურვეობდა… გადამწყვეტ მატჩში მას არაერთხელ აუღია საკუთარ თავზე თამაშის წარმართვა და გადაურჩენია თავისი გუნდი”.

საილუსტრაციოდ 1947 წელს ევროპის ჩემპიონატზე ეგვიპტელებთან გამართული მატჩიც კმარა. ამ შეხვედრის მოგებით საბჭოთა გუნდი ფინალში გადიოდა. ნაკრების მწვრთნელებმა მეტოქე კალათბურთელთა ლიდერს მონტასერს მეურვედ ჯორჯიკია მიუჩინეს. ეგვიპტელმა სპორტსმენმა ბურთის ფარისკენ ტყორცნაც ვერ მოახერხა. მეორე ტაიმში იგი შეცვალეს. ულიდეროდ დარჩენილი გუნდი საბჭოთა ნაკრებმა იოლად დაამარცხა (46:32) და გზა გაიკაფა ფინალისკენ, სადაც მასპინძლებსაც სძლია (56:37). ამ გადამწყვეტ შეხვედრაშიც ქართველმა კალათბურთელმა საიმედოდ “ჩაკეტა” ჩეხოსლოვაკიის საუკეთესო მოთამაშეები – ვალენსკი და კოზაკი.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბატონ ნოდარს საკავშირო ნაკრებში დიდხანს აღარ უთამაშია.

“პრაღაში ნაკრების ხელმძღვანელობასთან უსიამოვნება მომიხდა – სურენ სპანდარიანმა დედა შემაგინა და ხელი გავარტყი, რის გამოც საბჭოეთის მთავარ გუნდში აღარ მიწვევდნენ. ძალიან განვიცდიდი, ეტყობა, მამამ შეამჩნია და ჩემგან მალულად წერილი გაუგზავნია შინაგან საქმეთა სამინისტროში… თუ ეს ბავშვი დასაჭერია, დაიჭირეთ, თუ არა და, ნაკრებში რატომ არ ათამაშებთო. მოსკოვში დამიბარეს ბერიასთან. რა მოხდაო, მკითხა ლავრენტიმ. მეც ყველაფერი დაუფარავად ვუამბე. მართალი ხარ, წადიო, მითხრა. ადიუტანტს დაუძახა – სტადიონზე წაიყვანეო. ჭიშკართან რომ მივედით, მაშინდელი საკავშირო სპორტკომიტეტის თავმჯდომარე რომანოვი ფერწასული მოვარდა. რომ გაიგო რაში იყო საქმე, შვებით ამოისუნთქა… 1951 წელს ისევ დამაბრუნეს ნაკრებში”.

ვარსკვლავი ღამეს დარბაზში ათევდა

ქართული კალათბურთის წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის ნოდარ ჯორჯიკიას – გასული საუკუნის 40-50-იანი წლების ქართული სპორტის ვარსკვლავს, რომელიც ვირტუოზული, განუმეორებელი თამაშის მანერით ხიბლავდა მაყურებელს. ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, ევროპის 1947 წლის ჩემპიონს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ხუთგზის გამარჯვებულსა და საკავშირო თასის ორგზის მფლობელს არა მარტო გამორჩეული სპორტსმენობით, არამედ კაცობითაც იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. ოთარ ქორქიამ და ნოდარ ჯორჯიკიამ ქართული კალათბურთის თამასა ახალ სიმაღლეზე ასწიეს.

მისი სასპორტოკარიერა ფეხბურთით დაიწყო. ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოსწავლე თანატოლთა შორის საკავშირო პირველობის მეორე პრიზიორიც გახდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას ჯერ ფრენბურთმა გაიტაცა, მერე მეგობრებთან – მიხეილ კეკელიძესთან, ზურაბ ჯაფარიძესთან, ამირან ბარნოვთან, ვლად ბეკმანსა და გივი ყიფიანთან ერთად შალვა დიასამიძის მიერ ჩამოყალიბებულ კალათბურთის სექციას მიაშურა.”ყოველ საღამოს ქანცის გამოცლამდე ვვარჯიშობდით. ხშირად, გვიან შინ წასვლა რომ დამზარებია, გივი ყიფიანსა ან ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად დარბაზში დავრჩენილვარ და დაღლილ-დაქანცულებს იქ გაგვითევია ღამე.

მალე დედაქალაქის უმაღლესი სასწავლებლების ნაკრებ გუნდში ჩემთან ერთად მოხვდნენ შოთა ახვლედიანი, გიორგი ავლიშვილი, ბორის აკიმოვი, გივი ყიფიანი და მიხეილ კეკელიძე. 1940 წელს სვერდლოვსკში ვიასპარეზეთ და საკავშირო ჩემპიონატის პირველ ჯგუფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. მომდევნო წელს ლენინგრადში ათი ქალაქის ნაკრები გუნდების მონაწილეობით გამართულ ზამთრის ტურნირში ევროპის პირველ ჩემპიონებს – ლატვიელებსაც ვაჯობეთ, მაგრამ ტალინელებთან დავმარცხდით და მეორე ადგილს დავჯერდით”.

სისხლი

თანამედროვეთა გადმოცემით, ნოდარ ჯორჯიკია ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯებოდა; ბრძოლის ჟინითა და თავდადებით მაგალითს აძლევდა თანაგუნდელებს. ერთხელ ქართული კალათბურთის ლეგენდა ოთარ ქორქიამ საინტერესო ეპიზოდი მიამბო: “სპორტსაზოგადოება “დინამოს” საკავშირო პირველობაზე მოსკოველ თანაკლუბელებს ვხვდებოდით. მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტენდენციური მსაჯობის გამო, მოედანზე სამნი დავრჩით. დამარცხება გარდაუვალი იყო. სათადარიგო სკამზე ნოდარ ჯორჯიკია იჯდა, სულ ახალი გაკეთებული ჰქონდა ბრმა ნაწლავის ოპერაცია. მოულოდნელად იგი წამოხტა და გახდა დაიწყო. გუნდის ექიმისა და მწვრთნელის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გამოვიდა მოედანზე და… მატჩი მოგვაგებინა. თამაშის შემდეგ გასახდელში ყველამ დავინახეთ, ნაოპერაციევი გახსნოდა და სისხლი ჟონავდა”.

სამშობლოსათვის პირველი სისხლი ნოდარ ჯორჯიკიამ კავკასიის მისადგომებთან ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში გაიღო.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო. 1941 წლის აგვისტოს მიწურულს ჯარში გამიწვიეს და სოხუმის ქვეითთა სასწავლებელში ჩამრიცხეს. სამთვიანი კურსების დამთავრების შემდეგ უმცროსი ლეიტენანტის ჩინით მახაჩყალას გამგზავნეს.

საბრძოლო ნათლობა სადგურ პროხლადნაიასთან მივიღე. მწარე მოგონებად დამრჩა ეს შეტაკება. მართალია, მსუბუქად დავიჭერი, მაგრამ ბევრი მეგობარი დავკარგე ბრძოლის ველზე. მტრის შეჩერება მაინც ვერ შევძელით და უკან დავიხიეთ. 1942 წლის ნოემბერში ჩვენმა დივიზიამ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება მიიღო – იერიში მიგვეტანა მტრის გამაგრებულ პუნქტებზე. საბრძოლო დავალების შესასრულებლად აუცილებელი იყო მდინარე ბაქსანზე პონტონის ხიდის გამართვა. მე და სერგო წულეისკირმა გადავწყვიტეთ, ბაქსანი გადაგველახა და თოკი გაგვეჭიმა. ცივი და მღვრიე მდინარე ორჯერ გადავცურეთ”…

სამხედრო დავალების პირნათლად შესრულებისთვის ნოდარმა და სერგომ პირველი საბრძოლო ჯილდო მიიღეს – მედალი “მამაცობისთვის”. ამის შემდეგ ბატონი ნოდარი კიდევ რამდენიმე თვე იბრძოდა კავკასიის მისადგომებთან. სამჯერ დაიჭრა, მაგრამ ფრონტის წინა ხაზი არ მიუტოვებია. მამაცობისთვის დაჯილდოვდა “წითელი ვარსკვლავის” ორდენითა და მედლებით – “საბრძოლო დამსახურებისთვის”, “კავკასიის დაცვისათვის”.

… 1943 წლის გაზაფხულზე ნოდარ ჯორჯიკია თბილისში გამოგზავნეს ოფიცერთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. აქედან იწყება მისი ახალი ცხოვრება – ნაომარი ჭაბუკი, რომლის თამაშიც ახსოვდათ უმაღლესი სასწავლებლების ნაკრებიდან, მალე თბილისის წითელი არმიის ოფიცერთა სახლის კალათბურთელთა გუნდში მიიწვიეს.

“მაშინ კლუბში ვარჯიშობდნენ ლეონიდ ძეკონსკი, ბორის სარქისოვი, მიხეილ ფილიპოვი, სურენ ოგანეზოვი, მიხეილ ერმაკოვი, გრიგორი ზახლიანი. ამ შემადგენლობით 1944 წელს თბილისში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვიასპარეზეთ და ოქროს მედლები მოვიპოვეთ. მომდევნო წელს მეორე ადგილზე გავედით, 1946 წელს კი კვლავ პირველები ვიყავით. ამ დროისთვის გუნდში შემოგვიერთდნენ ოთარ სულაბერიძე, გიორგი გუპალოვი, ალექსანდრე ვაჩაძე და გივი ახვლედიანი”.

დე მოტო, აკოსტა და სხვები

ნოდარ ჯორჯიკიასთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი, ცხადია, ჰელსინკის ოლიმპიადა იყო. საბჭოთა გუნდის კაპიტანმა ოთარ ქორქიამ ამერიკელებთან პირველ მატჩში ლოველეტთან შეჯახებისას მძიმე ტრავმა მიიღო და მეორე დღეს ბრაზილიელებთან მთელი ძალით თამაში ვერ შეძლო. საბჭოთა კალათბურთელების შეტევებს სიმწვავე აკლდა. ტყორცნაც ხშირად ვერ აღწევდა მიზანს, რის გამოც პირველი ტაიმი 4 ქულით (25:21) მოიგეს სამხრეთამერიკელებმა, რომელთა რიგებში თავდამსხმელი როდრიგო დე მოტო გამოირჩეოდა. მწვრთნელებმა შესვენების შემდეგ მოედანზე კულამის ნაცვლად ჯორჯიკია შეუშვეს.

კალათბურთის ცნობილი სპეციალისტი ვიქტორ ვასილიევი, რომელიც ამ მატჩს ესწრებოდა, წერს: “საბჭოთა ნაკრების თამაში ძირფესვიანად შეიცვალა. გაშმაგებული ნოდარ ჯორჯიკიას შეჩერება მეტოქემ ვერ შეძლო. ქართველი კალათბურთელის ოსტატური გარღვევები ფარქვეშ თუ შორიდან ტყორცნები ზუსტი იყო. მან თამაშს გამოსთიშა ბრაზილიელთა ლიდერი, თანაც საკუთარ კოლექტივს 10 ქულა შესძინა. მალე ჩვენი გუნდი დაწინაურდა, მერე მატჩიც მოიგო ანგარიშით 54:49. თუმცა, ეს ჯერ არ ნიშნავდა ნახევარფინალში გასვლას. მიზნის მიაღწევად კიდევ ერთი ბარიერი იყო დასაძლევი – ჩილელები უნდა დაგვემარცხებინა. ბრძოლა თავიდან დუნედ წარიმართა, მაგრამ თანდათან ამოქმედდა ჯორჯიკია-ქორქიას ტანდემი. მეტოქეებმა მათ ვერაფერი მოუხერხეს”… და 18 ქულით წააგეს – 60:78.

ქართველი კალათბურთელის “კლანჭებს” ვერც ურუგვაელი აკოსტა დაუსხლტა. სამხერთამერიკელები მატჩებს უმთავრესად ამ სპორტსმენის წყალობით იგებდნენ, ის კი ჯორჯიკიასთან ვერაფერს გახდა. შეხვედრის მეორე ნახევარში აკოსტა ნოდარის გარღვევების უვნებელყოფაზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე შეტევებზე. არც ეს გამოუვიდა. ხშირად ცდებოდა და მალე ოთხი საჯარიმოს გამო მოედანიც დატოვა.

ფინალში საბჭოთა ნაკრები ამერიკელებს შეხვდა. მწვრთნელების შეცდომა რომ არა, უკეთ თამაში შეიძლებოდა. ჯერ ერთი, ჰელსინკის თამაშებზე არ წაიყვანეს ევგენი ალექსეევი – ხანდაზმულიაო, თქვეს. არადა, ამ კალათბურთელმა შესანიშნავად ითამაშა 1953-1954 წლების საკავშირო ჩემპიონატებში. ამერიკელებთან ორთაბრძოლისას, როცა ანგარიში თანაბარი იყო (23:23) და ოთარ ქორქიამ ოთხი საჯარიმოს გამო მაყურებლებში გადაინაცვლა, მწვრთნელებმა მოედანზე გამოიყვანეს მეორე ხუთეულის ერთბაშად ოთხი მოთამაშე – კულამი, ოზეროვი, კრუუსი და მოისეევი, რაც ასევე შეცდომა იყო.

კულამმა და მოისეევმა ზედიზედ სამ-სამჯერ ააცდინეს ბურთი მიზანს, ოკეანისგაღმელები კი ნელ-ნელა ზრდიდნენ ანგარიშში სხვაობას. საბოლოოდ მათ გაიმარჯვეს კიდეც (36:25) და ოლიმპიური ჩემპიონობა შეინარჩუნეს. საბჭოთა გუნდის მეორე ადგილი მაშინ დიდი მონაპოვარი იყო.

კალათბურთის თამაშს ოცდათექვსმეტი წლისამ დაანება თავი, თუმცა ჯერ კიდევ შეეძლო “დინამოსთვის” სარგებლობის მოტანა…

“გუნდიდან ჩემი ნებით წამოვედი 1957 წელს. ამ დროს “დინამოში” გამოჩნდა ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელი გურამ მინაშვილი. მე მასში ღირსეული შემცვლელი დავინახე და არ ვისურვე ჩემი ავტორიტეტით მისი წინსვლა შემეფერხებინა”.

ჯაჯუს ოჯახში

ნოდარ ჯორჯიკია ცნობილი მწერლისა და პედაგოგის – ჯაჯუ ჯორჯიკიას ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ ქართველი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები. მოსაგონარიც, ცხადია, ბევრი ჰქონდა. ერთელ ასეთი ეპიზოდი მიამბო: “მახსოვს, მამას ინიციატივით ქართველმა მოღვაწეებმა – გერონტი ქიქოძემ, ლეო ქიაჩელმა, რაჟდენ გვეტაძემ, ლევან ასათიანმა და სხვებმა ჩვენს სახლში უცხოეთიდან ახალდაბრუნებულ ექვთიმე თაყაიშვილს შეხვედრა მოუწყვეს.

სადილის შემდეგ ქიქოძე და ქიაჩელი ნარდს მიუსხდნენ, დანარჩენებს კი ბატონი ექვთიმე საფრანგეთში განძის გატანის ამბავს გვიყვებოდა, უცებ ქიაჩელი თაყაიშვილს მიუბრუნდა: ეს განძი სად გაგქონდათ, ვინმეს რომ გაეძარცვეთ ან გემი ჩაძირულიყო, რას შვრებოდითო, უთხრა. ბატონი ექვთიმე გაფითრდა: ლეო, განძი კი არა, თამარ მეფის ცალი ქოშიც რომ ჩავარდნილიყო ზღვაში, ფსკერამდე ჩავყვებოდი, თანაც, ეს სიმდიდრე მაშინ აქ რომ დაგვეტოვებინა, დღეს მისგან არაფერი დაგვრჩებოდაო, – უპასუხა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ. ბატონმა ლეომ იგრძნო, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა მოხუცი. ნარდის თამაშს თავი ანება, ბატონ ექვთიმესთან მივიდა და დაჩოქილმა პატიება სთხოვა უნებლიე წყენინებისთვის”…

ბატონმა ნოდარმა აქ თხრობა შეწყვიტა. მზერა ფანჯარასთან მდგარ ფოთლებგაცვენილ ალვის ხეს მიაპყრო და ფიქრებში ჩაიძირა.

სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ნოდარ ჯორჯიკია 2008 წლის 2 ივნისს 87 წლისა გარდაიცვალა.