ლეგიონერები: მარკოიშვილი ისევ საუკეთესოა, “ზადარმა” პირველად წააგო

ლეგიონერები: მარკოიშვილი ისევ საუკეთესოა, “ზადარმა” პირველად წააგო

           იტალიის სერია A
 
მანუჩარ მარკოიშვილმა რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა. მისი გუნდი „კანტუ“, რომელიც ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებოდა, მორიგ ტურში ერთპიროვნულ ლიდერ „მონტეპასკის“ სიენაში შეხვდა და 59:82 წააგო.
მართალია, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 1 ტურია, თუმცა რაკი სერია A–ში გუნდების კენტი (15) რაოდენობაა, „კანტუს“ ბოლო ტურში დასვენება უწევს და შესაბამისად, მისთვის რეგულარული დასრულებულია.
მარკოიშვილის გუნდი სიენაში წაგების შემდეგ მე–4 ადგილზე ჩამოქვეითდა და მიუხედავად იმისა, რა შედეგები დაფიქსირდება ბოლო ტურში, „კანტუ“ მაინც მე–4 ადგილზე დაასრულებს რეგულარულ ჩემპიონატს და პლეი ოფის პირველ რაუნდში მე–6 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება.
რაც შეეხება „სიენასთან“ მატჩს, წინა შეხვედრის მსგავსად ქართველი ლეგიონერი საუკეთესო იყო. ამჯერად მარკოიშვილი ერთპიროვნული ბომბარდირი არ გამხდარა, თუმცა არც მასზე მეტი ჩაუგდია ვინმეს. 14–14 ქულით დასრულეს თამაში მანუჩარმა და ვლადიმირ მიკოვმა.
მანუჩარმა 32 წუთს ითამაშა და 14 ქულასთან ერთად 6 პასი, 3 ჩაჭრა და 4 მოხსნა მიითვალა.
წააგო ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმაც“. ბოლონიელებმა რომში ლოტომატიკასთან შეხვედრა 59:78 დათმეს. ქართველმა ლეგიონერმა 26 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 1 პასი, 1 დაფარება და 98 მოხსნა მიითვალა. ეს უკანასკნელი შედეგი თავისიანთა შორის საუკეთესო იყო.
სანიკიძის გუნდი მე–5 ადგილზეა და ბოლო ტურში შინ ერთპიროვნულ ლიდერ „სიენას“ ეთამაშება.
 
    ხორვატიის ჩემპიონატი
 
ზედიზედ 11 გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი იწვნია ვლადიმერ ბოისას „ზადარმა“ მისი დამმარცხებელი „ზაგრები“ აღმოჩნდა, რომელმაც ბოისას გუნდს შანსი არ დაუტოვა – 101:75.
ვლადიმერ ბოისა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 20 წუთში 2–2 ქულა–მოხსნა მიითვალა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი.
 
           ესპანური პრიმერადივიზიონი
 
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ნიკოლოზ ცქიტიშვილის „ფუენლაბრადამ“ შინ მადრიდის „რეალთან“ 72:86 წააგო. ფუენლაბრადელთათვის ყველაფერი დასრულებულია – ისინი პლეი ოფს მიღმა დარჩნენ.
ქართველმა ლეგიონერმა 10 წუთში 6 ქულა და თითო მოხსნა–პასი მოაგროვა. ცქიტიშვილმა თითო საჯარიმო, ორქულიანი და სამიანი ჩააგდო.
თორნიკე შენგელიას „ვალენსიამ“ სტუმრად „გრან კანარიასთან“ 63:78 წააგო, თუმცა პლეი ოფში ადგილი დაბევებული აქვს. შენგელია ბოლო მატჩების მსგავსად განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა.