ლეგიონერებმა კვირა შედეგიანად დააგვირგვინეს

ლეგიონერებმა კვირა შედეგიანად დააგვირგვინეს

        ესპანეთის პრიმერადივიზიონი
ესპანეთის ჩემპიონატში ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. ნიკა ცქიტიშვილის „ლაგუნ არო“ ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლებმა 75:73 იმარჯვეს.
 
ჩვენი ნაკრების ორივე წევრი გამოირჩა, განსაკუთრებით კი ცქიტიშვილი, რომელსაც მხოლოდ 19,46 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ მატჩში ყველაზე მეტი მოხსნა დაეგროვებინა. ნიკამ სწორედ ამდენ ხანს ითამაშა და თავისიანთაგან ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ცქიტიშვილმა 6–დან 3 სამქულიანი, 1–დან 1 ორიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 12 ქულა მოაგროვა და ამას 8 მოხსნაც დაურთო.
 

ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ხუვენტუდელი
 ვილ მაკდონალდი მოხსნისთვის იბრძვიან
 
ქუინტონ ჰოსლიმ გაცილებით მეტ ხანს ითამაშა. ის ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ჰოსლის არ წაუვიდა თამაშიდან სროლები: 6–დან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო, თუმც საჯარიმოები შეასრულა ზუსტად და მთლიანობაში 11 ქულას მოუყარა თავი. მას ასევე 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.
 
„ხუვენტუდისთვის“ ეს აღმოჩნდა მე–7 გამარჯვება და ეს გუნდი 3–4 ადგილებს „ბარსელონასთან“ იყოფს. „ლაგუნ აროს“ კი 5 მოგება აქვს და მე–10 ადგილზეა განთავსებული.
 
      ადრიატიკის ლიგა 
ადრიატიკის ლიგაზე საშინაო შეხვედრა დათმო გიორგი შერმადინის „ოლიმპიამ“. ლიუბლიანელები ხორვატიულ „ზადარს“ მასპინძლობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაშის მანძილზე დამაჯერებლად ლიდერობდნენ, ბოლო მეოთხედი 16:30 წააგეს და საბოლოოდ 75:82 დამარცხდნენ.
 
ჩინებულად გაისარჯა ქართველი ცენტრი. შერმადინს ისევ არ არგუნეს საკმარისი სათამაშო დრო, თუმცა იმ 13,30 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, გიორგიმ 8 ქულის შეგროვება მაინც მოახერხა. შერმადინმა 4–დან 3 ორქულიანი მიითვალა, ხოლო 3 საჯარიმოდან 2 ჩააგდო. 216–სანტიმეტრიანმა ქართველმა ცენტრმა სამქულიანიც ესროლა, თუმცა მიზანში ვერ გაარტყა. ოლიმპიელთა ბომბარდირი საშა ოზბოლტი გახდა, რომელმაც 15 ქულა შეაგროვა 34 წუთში,
 
ეს მატჩი რომ მოეგო, „ოლიმპია“ ადრიატიკის ლიგის ერთპიროვნული ლიდერი ხდებოდა, ახლა კი ლიუბლიანელებს ჩემპიონატის სხვა 6 წევრთან ერთად 16 ქულა აქვს. ანუ ლიგას ერთბაშად 7 ლიდერი ჰყავს, რომლებსაც 6 გამარჯვება და 4 მარცხი აქვთ.