ლეგიონერთა საკვირაო ამბები

მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუმ”  იტალიური კალათბურთის ერთ–ერთ ფლაგმან „ლოტომატიკას“ სტუმრად რომში 81:70 მოუგო, რაც გარკვეულწილად ქართველი ლეგიონერის დამსახურებაცაა.
საინტერესოა, რომ პირველ ტაიმში სტუმრები 14 ქულით იგებდნენ, დასკვნითი მეოთხედის წინ კი ანგარიში უკვე საყაიმო – 56:56 გახლდათ. თითქოსდა, გონს მოსულ “ლოტომატიკას” თამაში სათავისოდ უნდა შეეტრიალებინა, მაგრამ მარკოიშვილმა კი და მისმა თანაგუნდელებმა ბოლო პერიოდში რომაელებს 25:14 აჯობეს და იმარჯვეს კიდეც. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 34 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მეტოქეები კი მასზე 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
 

მანუჩარ მარკოიშვილი იტგალიაშიც ჩაუქობს
 
„კანტუს“ 5 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა. ასეთივე შედეგი კიდევ ოთხ კლუბს (მათ შორის ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსს”) გააჩნია, ბურთების სხვაობის გათვალისწინებით კი, კანტუელებს მე-8 პოზიცია უკავიათ.
სერია A–ს კი კვლავ ნიკა მეტრეველის “მონტეპასკი” ლიდერობს,, რომელმაც ზედიზედ მე-8 გამარჯვება “აველინოსთან” იზეიმა. სიენელებმა მასპინძლები 86:57 გაანადგურეს, ქართველი კალათბურთელი კი, გარკვეული პაუზის შემდეგ, მოედანზე ისევ გამოჩნდა.
მეტრეველმა მატჩის მიწურულს 3 წუთს ითამაშა და სამქულიანი და ორივე საჯარიმო ააცილა. ნიკამ ერთი ჯარიმა მიიღო, ერთხელ წესები მის წინააღმდეგ დაარღვიეს, ერთხელაც კი ჩვენებურმა ბურთი დაკარგა.
 
გერმანულ ბუნდესლიგაში გამარჯვება იზეიმა ლაშა გამყრელიძის “მიტელდოიჩერმა”. “მგლები” ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ლუდვიგსბურგს” ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 69:65 მოიგეს.
თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, “მიტელდოიჩერის” გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი ქართველი გამთამაშებელი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, ლაშას თამაში არ წაუვიდა, თუმცა, გადამწყვეტ მომენტში ჩინებულად გამოიყურებოდა.
7–დან 5 ქულა გამყრელიძემ ბოლო წუთზე მოაგროვა, რითაც მნიშვნელოვან წილად განაპირობა თავისიანთა გამარჯვება. საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ლაშამკ ანგარიში 68:61 გახადა და ლუდვიგსბურგელებს თამაშის გადარჩენის იმედი გადაუწურა.
გამყრელიძე “მგლების” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ლაშამ 5-ვე ორქულიანი ააცილა, 3-დან სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა.
7 გამარჯვებითა და 4 მარცხით “მიტელდოიჩერი” მე-7 ადგილზე იმყოფება.
სლოვენიის პირველობის მე-8 ტურში მე-3 მოგება მიითვალა “კოპერმა”, რომლის ღირსებასაც დავით უგრეხელიძე იცავს. “პარკლისთან” შეხვედრაში მასპინძლებმა 83:76 იმარჯვეს, ქართველმა ცენტრმა კი 33 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე) და 2 პასი მოაგროვა. უგრეხელიძემ კოპერელთა სასტარტო ხუთეულში იასპარეზა და მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა. მანამდე დავითმა 10-დან 7 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო.
ქართველი კალათბურთელის გარეშე ჩაიარა საბერძნეთის პირველობის ცენტრალურმა დაპირისპირებამ, რომელშიც პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” ათენის “პანათინაიკოსს” 87:76 სძლია. “პაოს” ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა, ჟელკო ობრადოვიჩმა მისი თამაშში ჩართვა ვერ გარისკა. 5 ტურში ეს ათენელთა პირველი მარცხი გახლდათ.
სეზონში მე-5 მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა”. ეროვნული საკალათბურთო ასოაციაციის (NBA) მორიგ სათამაშო დღეს ჯორჯიელები დეტროიტს ესტუმრნენ და “ობორნ ჰილში” 88:94 წააგეს.
ქართველმა ცენტრმა ათწუთნახევარი ითამაშა და “ქორებს” 3 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. ზაზამ 2-დან 1 ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 ჯარიმა მიიღო.
“ჰოუქსი” 12 მოგებითა და 5 მარცხით სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში მე-2 ადგილზე დარჩა, მომდევნო მატჩს კი 3 დეკემბრის დილას კანადაში, “ტორონტო რეპტორზთან” გამართავს.