ლეგიონერთა წარმატებული ევროტური

ლეგიონერთა წარმატებული ევროტური

ერთობ წარმატებული დღე ჰქონდათ ევროპულ ტურნირებში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრებს. მანუჩარ მარკოიშვილი, ტორინ გრინი და გიორგი ცინცაძე – ყველა ამათგანის გუნდმა მოიგო, თანაც ხუთჯვაროსნების გვარიანი დახმარების შედეგად. დავიწყოთ მანუჩარ მარკოიშვილის გუნდით, რომელმაც ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ჰოლანდიური „ფლეიმსი“ 81:54 გააცამტვერა.
 
კანტუელებმა გრონინგენულ კლუბს პირველივე მეოთხედში მოუთავეს საქმე, მეტოქე 27:9 გაანადგურეს, რის შემდეგაც გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 21:16 წუთში კი 16 ქულა და 5 მოხნა დააგროვა. მანუჩარმა 6-დან 5 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის გარდა კი იტალიურ გუნდიდან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად ხუთმა მოთამაშემ უწია.
 
”კანტუს” თანაბარი ბალანსი (2 მოგება, 2 წაგება) გაუხდა და E ჯგუფში მე-2 ადგილი შეინარჩუნა, ლიდერი კი სტამბულის ”გალათასარაია”, რომელმაც ათენში ”პანელინოსთან” პირველი მარცხი (62:66) განიცადა. 14 დეკემბერს მარკოიშვილსა და მის თანაგუნდელებს სწორედ საბერძნეთში სტუმრობა ელით.
 
ამავე ტურნირში ტორინ გრინის “გრან კანარია” ლიტვაში ”შიაულაის” ესტუმრა და C ჯგუფის აუტსაიდერი 89:70 გაანადგურა. ესპანურმა კლუბმა ბალტიისპირელებთან მატჩის პირველი მეოთხედი 9:23 დათმო, საბოლოოდ კი საქმე გამარჯვებამდე აუღელვებლად მიიყვანა. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა ლას პალმასელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სტუმრებს 21:34 წუთში 13 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 5 პასი და 1 დაფარება შესძინა. ტორინმა 3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და ექვსივე საჯარიმო ჩააგდო. გრინის კლუბმა თავი 3 გამარჯვებას მოუყარა და ჯგუფს უკრაინულ ”ბუდიველნიკთან” ერთად ლიდერობს. 14 დეკემბერს ”გრან კანარია” სწორედ კიევურ გუნდს ესტუმრება.
 
ევროჩელენჯის გათამაშებაში გიორგი ცინცაძის ”როკმა” ტარტუში შვეიცარიული “ლუგანო” მიიღო და ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმა. ესტონურმა კლუბმა მეტოქეს ოვერტაიმში 91:88 სძლია და C ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი შეინარჩუნა.
 

უტევს გიორგი ცინცაძე
 
მატჩის დასკვნითი მეოთხედის სტარტზე ტარტუელები შვეიცარიელებს 54:71 ჩამორჩნენ, თუმცა, შემდეგ თითქმის შეუძლებელი შეძლეს, თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს და დემორალიზებული მეტოქე საბოლოოდ “გატეხეს”.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი “როკის” სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:41 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ცინცაძემ 3-ვე ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ასე რომ შეტევაში ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. გიორგიმ ბურთი ერთადერთხელ დაკარგა და 4 ჯარიმა მიიღო.
 
14 დეკემბერს ცინცაძის კლუბი ჯგუფის ლიდერ ბულგარულ “ლუკოილ აკადემიკს” ესტუმრება თუკი წააგებს, ტურნირს დაემშვიდობება.