ლეგიონერთაგან მარკოიშვილი და ჰოსლი გამოირჩნენ

ლეგიონერთაგან მარკოიშვილი და ჰოსლი გამოირჩნენ

ლეგიონერთა თამაშებით დახუნძლული შაბათის გმირები იკვლავ მანუჩარ მარკოიშვილი და ქუინტონ ჰოსლი არიან. მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების სწორედ ეს წევრები გამოირჩევიან და გასულ ტურშიც გამოიჩინეს თავი, თუმცა უნდა გამოვარჩიოთ ლაშა (გიორგი) გამყრელიძისა და გიორგი შერმადინის ნაჩვენები შედეგებიც.
 
      იტალიის სერია A 
 
უნდა აღინიშნოს, რომ მარკოიშვილიც და ჰოსლიც საკუთარი ჩემპიონატების ფავორიტებს ხვდებოდნენ და საბოლოოდ ორივეს გუნდი დამარცხდა, თუმცა ჩვენებურთა მონაგარი მხოლოდ ქებას იმსახურებს. მანუჩრის „კანტუმ“ იტალიური კალათბურთის ფლაგმან „სიენას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე 72:75 დამარცხდა. უკვე ტრადიციად დამკვირდა, რომ მარკოიშვილი ხუთეულში აღარ არის, ის სათადარიგოთა სკამიდან ერთვება ხოლმე თამაშში და მოედანზე არაერთ სასტარტოზე მეტ ხანს ატარებს. ასე იყო ამჯერადაც – მანუჩარმა მთლიანობაში 25 წუთს ითამაშა და კანტუელთა შორის ბომბარდირი გახდა.
 

ესვრის მანუჩარ მარკოიშვილი
 
მარკოიშვილმა 6–დან 5 ოქრულიანი, 3–დან 1 სამიანი და 5–დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 17 ქულა დააგროვა და თან 4 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა, სიენელებს კი ორჯერ ჩაუჭრა. ერთი სიტყვით, ქართველი ლეგიონერი კანტუელებს ლიდერად მოევლინა ლიგის ლიდერთან მატჩში, თუმცა გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა.
 
შაბათს იტალიის ჩემპიონატში გამართულ მეორე შეხვედრაშიც ქართველმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ვიქტორ სანიკიძე მოედანზე მხოლოდ 6 წუთით გამოჩნდა. სავარაუდოდ მან ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. მისმა „კანადიან სოლარმა“ კი სტუმრად „პეპსი კასერტასთან“ 71:63 გამარჯვება მოახერხა და ცხრილში მესამე ადგილამდე აღზევდა. „კანტუს“ რაც შეეხება, სანამ სხვა გუნდებს არ უთამაშიათ, მარკოიშვილის გუნდი მეოთხე საფეხურზე იმყოფება.
 
            ესპანეთის პრიმერადივიზიონი
 
ესპანურ პრიმერადივიზიონში ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 64:72 დამარცხდა. სამეფო გუნდმა პირველივე მეოთხედში გადაწყვიტა თამაშის ბედი, როცა საწყისი მეოთხედი 22:5 მოიგო. ხუვენტუდელთაგან საუკეთესო იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ქუინტინ ჰოსლი, რომელმაც 16 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ჰოსლიმ 4–დან 3 ორქულიანი, 3–დან 2 სამიანი და 4–დან 4 საჯარიმო ჩააგდო. დანარჩენი მისი თანაგუნდელებიდან ყველაზე მეტი – 10 ქულა უილიამს მაკდონალდს ჰქონდა. „ხუვენტუდს“ 7 თამაშიდან 4 გამარჯვება აქვს და 18–გუნდიან ესპანურ ლიგაში მე–9 ადგილზე იმყოფება.
 

ქუინტონ ჰოსლი 
 
 
              ადრიატიკის ლიგა
 
12 წუთში 10 ქულა – ეს შედეგი დააფიქსირა ლიუბლიანის „ოლიმპიას“ ქართველმა ცენტრმა ადრიატიკის ლიგის მატჩში მაკედონიურ „შიროკისთან“. სლოვენიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე იოლად – 107:70 იმარჯვა, თუმცა ქართველ ცენტრს 12 წუთზე მეტი სათამაშო დრო მაინც არ გამოუყვეს. შერმადინმა 5–დან 4 ორქულიანი და 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. „ოლიმპიამ“  ამ გამარჯვებით პირველი ადგილი დაიბრუნა, თუმცა კიდევ ორ გუნდს – „ჰემოფარმსა“ და „ნიმბრუკს“ – ლიუბლიანელთა დარად 5 გამარჯვება აქვთ.
 
 
                გერმანული ბუნდესლიგა
 
უიღბლო სერიას განაგრძობს ლაშა გამყრელიძის „გიოსენი“, რომელიც ამჯერად შინ „ბრაუნშვაიგთან“ 70:80 დამარცხდა. ქართველი გამთამაშებელი ერთ–ერთი საუკეთესო იყო თავისიანთა შორის, მაგრამ ამით გუნდს ვერაფერი უშველა. მან 13 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.  გიოსენელებს 10 მატჩიდან 5 მოგება აქვთ და ბუნდესლიგაში მე–9 საფეხურზე იმყოფებიან.
 
                           ესტონეთის ჩემპიონატი
 
ესტონეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო გიორგი ცინცაძის „როკმა“, რომელიც გასვლით შეხვედრაში იოლად – 84:59 გაუსწორდა „რაპლას“. ქართველმა უკანახაზელმა 20 წუთს ითამაშა და მოედანი 4 ქულით, 3 მოხსნითა და 5 პასით დატოვა. „როკი“ 8 გამარჯვებითა და 1 მარცხით ესონეთის ლიგას ლიდერობს.
 
 
        ბელგიის ჩემპიონატი
 
დაბოლოს, თორნიკე შენგელიას შესახებ, ვისმა „პეპინსტერმაც“ ბელგიის ჩემპიონატში სტუმრად „გენტთან“ 67:77 წააგო. 19 წლის ქართველმა ფორვადრმა 10 წუთი ითამაშა და თავი 5 ქულას, 3 მოხსნას და 1 დაფარებას მოუყარა. „პეპინსტერი“ ცხრაგუნდიან ბელგიის ჩემპიონატში მე–7 ადგილზე იმყოფება.