NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში „ლოს ანჯელეს ლეიქერსმა“ სტუმრად, „დეტროიტ პისტონსთან“ ძალიან მძიმე და პრინციპული შეხვედრა მოიგო – 121:116. კალიფორნიელებმა ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება ლიდერის, ლუკა დონჩიჩის გარეშე მოიპოვეს, რომელმაც მატჩი გამოტოვა. მის არყოფნაში გუნდის ლიდერობა ოსტინ რივზმა იტვირთა, რომელმაც ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა და „პისტონსს“ 43 ქულა ჩაუგდო.
აღსანიშნავია, რომ „ლეიქერსის“ წარმატებაში სათადარიგო სკამიდან ჩართული საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა და გუნდს 7 ქულა შესძინა. სანდრომ ზუსტად გამოიყენა სამქულიანი (1-დან 1) და ორქულიანები (5-დან 2 სროლა ზუსტი იყო), საჯარიმო არ უსვრია. მის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა (ყველა დაცვაში) და 2 დაკარგვა დაგროვდა, პერსონალური ფოლი კი 2 ჰქონდა.
რაც შეეხება მატჩის მთავარ გმირს, ოსტინ რივზმა 43 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ხოლო გადამწყვეტ მომენტში, როდესაც მასპინძლები ანგარიშის შემცირებას ცდილობდნენ, რთული სამქულიანით მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა.
ამ გამარჯვების წყალობით, „ლოს ანჯელეს ლეიქერსმა“ (9 მოგება, 2 მარცხი) სატურნირო ცხრილში, დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ლოს-ანჯელესელები მომდევნო შეხვედრასაც სტუმრად, 10 ნოემბერს, ატლანტასთან გამართავენ.