დღეს “სპორტ კაფეში” ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელისა და მწვრთნელის, ლევან ინწკირველის სახელობის საკალათბურთო კლუბის „ათლეტიქსი“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას არაერთი საკალათბურთო მოღვაწე თუ ცნობადი სახე დაესწრო.
ლევან ინწკირველი იყო ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი 1962 წელს, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი 1950, 53, 54 წლებში; სამგზის მეორე 1959, 60, 61 წლებში და ორგზის მესამე პრიზიორი 1948, 52 წლებში, ასევე სამგზის საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი 1949, 50, 51 წლებში. იყო თბილისის „დინამოს“ მოთამაშე მწვრთნელი 1963-64 წლებში და მთავარი მწვრთნელი 1968-70 წლებში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი 1968 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 1969 წელს კი მეორე პრიზიორი და თასის მფლობელი. ლევან ინწკირველი იყო საბჭოთა კავშირის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი.