ლევან მიქელაძე: ტრევიზოში შენგელიას ნბა–ს რამდენიმე გუნდის წარმომადგენლები პირადად შეხვდნენ

ლევან მიქელაძე: ტრევიზოში შენგელიას ნბა–ს რამდენიმე გუნდის წარმომადგენლები პირადად შეხვდნენ

ტრევიზოს კემპზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ თორნიკე შენგელიას მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა. პრესაშიც სულ უფრო მეტი სტატიები ჩნდება ქართველი ფორვარდის სადრაფტო შანსების შესახებ და თავად ნბა–ს კლუბებიც გამოთქვამენ შენგელიას შესახებ ინტერესს. გვესაუბრება თორნიკეს მენეჯერი ლევან მიქელაძე, რომელიც ფიბა–ს ერთადერთი ქართველი ლიცენზირებული აგენტია და ამერიკის წამყვან სააგენტო “LMG sports management”-თან თანამშრომლობს.
 

 
– რა გამოხმაურება მოჰყვა შენგელიას ტრევიზოს კემპზე გამოსვლას?
– ყველამ კარგად დაინახა, თუ რა შესაძლებლობების მოთამაშეა თორნიკე შენგელია. მიუხედავად იმისა რომ ძალზედ დაძაბული ფინალური სერიების შემდეგ ძალიან დაღლილი ჩამოვიდა ტრევიზოში, მან იმდენად კარგად იასპარეზა, რომ ნბა–ს გუნდების წარმომადგენლებმა მას აუდიენცია დაუნიშნეს.
– რომელი გუნდების წარმომადგენლებმა დაუნიშნეს აუდიენცია და რაზე გაესაუბრნენ?
– „მაიამი“, „ჰიუსტონი“, „სან ანტონიო“, „ოკლაჰომა“… ეს იმ გუნდების არასრული ჩამონათვალია, რომელთა წარმომადგენლებმა შენგელიასთან შეხვედრა და გასაუბრება ისურვეს. თორნიკემ შესანიშნავად გაართვა თავი ნბა-ს კლუბების გენერალურ მენეჯერებთან აუდიენციას რომელებმაც მას კალათბურთთან ერთად ბევრ ცხოვრებისეულ საკითხებზე ესაუბრნენ.
– კლუბების წარმომადგენლებმა შენგელია წინასადრაფტო ვარჯიშებზე ხომ არ დაპატიჟეს?
– არა, შენგელია წინასადრაფტო ვარიშებში მონაწილეობას არ მიიღებს. ის ამერიკაში რამდენიმე დღეში გაემგზავრება და იქ მსუბუქად, ინდივიდუალურად ივარჯიშებს. შენგელიამ უკვე დაამტკიცა თავისი ძალა გასული სეზონის მატჩებსა და ევროკემპზე. წინასადრაფტო ვარჯიშებში ის კალათბურთელები მონაწილეობენ, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობები დასამტკიცებელი აქვთ ან სადრაფტო სტატუსის კიდევ უფრო ამაღლება სურთ.
– ტრევიზოს კემპი საკმარისია საიმისოდ, რომ ნბა–ს ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება მიიღოს?
– საკმარისია. შენგელიამ ტრევიზოში მე-3 დღეს ძალიან შთამბეჭდავად იასპარეზა. მისი მთავარი კოზირი ისაა, რომ თორნიკე მრავალმხრივი მოთამაშეა. მას თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. როცა კალათბურთელი კარგად ესვრის, შესაძლოა არ წაუვიდეს სროლა და მისი საქმე მოთავებულია. შენგელიას კი მრავალ კომპონენტშია ძლიერი და დიდი პოტენციალი აქვს რაც ტრევიზოში ეს ყველამ კარგად დაინახა.
– შეიძლება მიახლოებით იმის თქმა, თუ რომელ ნომრად, ან ვინ აირჩევს შენგელიას?
– დრაფტის სპეციფიკა ისეთია, რომ ერთმა განსხვავებულმა არჩევანმა შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს. ფაქტი ისაა, რომ შენგელიას შესახებ ინტერესი ძალიანაა გაზრდილი და იმედი გვაქვს, 28 ივნისის საღამოს დრაფტის შედეგებით კმაყოფილები ვიქნებით.