ლევან მოსეშვილი და ვალერი ალთაბაევი დღეს 80 წლის გახდებოდნენ

ლევან მოსეშვილი და ვალერი ალთაბაევი დღეს 80 წლის გახდებოდნენ

ქართული კალათბურთის ორი თვალსაჩინო წარმომადგენელი ერთ დღესაა დაბადებული. დღეს, 23 მაისს, იუბილარები იქნებოდნენ ლევან მოსეშვილი და ვალერი ალთაბაევი. ორივე მათგანი იმ “დინამოს” წევრი იყო, რომელმაც 1962 წელს, ქართული კალათბურთისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება გამოჭედა. ალთაბაევისა და მოსეშვილის თანამონაწილეობით დინამოელებმა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ფინალში დიადი კლუბი – მადრიდის “რეალი” დაამარცხეს.

ვალერი ალთაბაევი 2007 წელს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ის 80 წლის გახდებოდა. ვალერი ალთაბაევმა თამაში 1953 წელს, ბათუმის სპორტსკოლაში დაიწყო. 1959-69 წლებში გამოდიოდა თბილისის “დინამოში”, აგრეთვე თბილისის და საქართველოს ნაკრებ გუნდებში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროს (1968), სამი ვერცხლის (1960, 1961, 1969) და ბრინჯაოს (1965) მედლების მფლობელი, სსრკ თასის (1969) და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის (1962) მფლობელი. საბჭოთა კავშირის სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1959), “ქალაქების მატჩის” გამარჯვებული (1959), მეორე (1960) და მესამე (1967) პრიზიორი, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა გათამაშების ფინალისტი (1969).1996-2000 წლებში მუშაობდა მწვრთნელად ბათუმში, შექმნა გუნდი, რომელმაც შემდგომში შეადგინა “ბასკოს” ბირთვი.

დღეს 80 წლის გახდებოდა ლევან მოსეშვილიც, რომელსაც იუბილემდე სულ მცირედი დააკლდა. ბატონი ლევანი მიმდინარე წლის 5 მარტს გარდაიცვალა. 

ლევან მოსეშვილის ტიტულები და მიღწევები

  • ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964 (ტოკიო)
  • ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962
  • სსრკ ჩემპიონი: 1968
  • სსრც ვიცე-ჩემპიონი: 196019611969
  • სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965
  • სსრკ თასი: 1969
  • სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959
  • სპორტის რაინდი — 2012
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

ბატონი ლევანი გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. იგი წვრთნიდა ორივე ფორმაციის – საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ჩემპიონატებში მოასპარეზე “დინამოს”.