საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ლევან ფაცაცია რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „ნიჟნი ნოვგოროდში“ ჩაირიცხა. ფაცაციამ მიმდინარე სეზონის საწყისი მონაკვეთი საქართველოს სუპერლიგაში – კლუბ „შსს-აკადემიაში“ გაატარა. მისი რუსულ კლუბში გადასვლის შესახებ ინფორმაცია ამას წინათ გავრცელდა, დღეს კი „ნიჟნი ნოვგოროდის“ ვებ-გვერდზე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველმა ფორვარდმა აღნიშნულ კლუბთან ერთთვიანი კონტრაქტი გააფორმა.
შელშეკრულების საფუძველზე, ერთი თვის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, გაუგრძელოს თუ არა ქართველ კალათბურთელს კონტრაქტი. „ნიჟნი ნოვგოროდი“ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ – ვითიბი ლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს, ხოლო ევროლიგის „ა“ ჯგუფში 5 შეხვედრიდან 2 მოგებით მე-4, გამსვლელ ადგილზეა.
„ნიჟნი ნოვგოროდს“ ლატვიელი აინარს ბაგაცკისი წვრთნის, რომელიც ლევან ფაცაციას კარგად იცნობს. ბაგაცკისი „სოხუმს“ 4 წლის წინ წვრთნიდა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ლევან ფაცაცია გახლდათ. ფაცაციას კონტრაქტთან დაკავშირებით ბაგაცკისმა და თავად კალათბურთელმა კომენტარი გააკეთეს.
აინარს ბაგატსკისი: “მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე აგრესიული თამაში ძალიან გვაკლია. ისე გამოვიდა, რომ სეზონის დაწყების შემდეგ, ამ დანაკლისის აღმოფხვრა ვერავინ მოახერხა. ამ ადგილას ანტონოვიც გამოვცადეთ და იგი ცუდად გარჯილა, მაგრამ სემიონი მე-4 ნომრის პოზიციაზე უფრო გვჭირდება. ფაცაცია ის მოთამაშეა, რომელსაც კარგად ვიცნობ. მასთან ერთად საქართველოში მიმუშავია. იგი მზადაა იმუშაოს და გუნდს გამოადგეს. ლევანი ფიზიკურად ძლიერია, დაცვაში თამაში ეხერხება და შესძლებს, დაგვეხმაროს”.
ლევან ფაცაცია: “პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ ახალგაზრდულ და ამასთან, წარმატებულ კლუბში გადმოსვლით გახარებული ვარ. ეს, ჩემთვის ჩინებული შანსია. მწვრთნელ ბაგატსკისს კარგად ვიცნობ. ჩვენ ერთად სოხუმში გვიმუშავია. “ნიჟნი ნოვგოროდში” სწორედ მისი სურვილით ვარ. ვფიქრობ, საკუთარი პოზიციისთვის საკმაოდ ათლეტური მოთამაშე ვარ და კონტაქტში შესვლისაც არ მეშინია. კიდევ რით შემიძლია გუნდს დავეხმარო? სინამდვილეში, მზად ვარ, ყველაფერი შევასრულო, რასაც მწვრთნელი დამავალებს. თუკი შეტევა იქნება აუცილებელი, შევუტევ კიდეც და თუკი პირსახოცის ქნევა დამავალეს, არც ამას დავზარდები”.