ლიდერმა ოლიმპმა სუპერლიგაში ზედიზედ მე-8 გამარჯვება ტიტებთან მოიპოვა

ლიდერმა ოლიმპმა სუპერლიგაში ზედიზედ მე-8 გამარჯვება ტიტებთან მოიპოვა

სუპერლიგიდან “ა” ლიგაში დაქვეითებული გუნდის ვინაობა დღეს გაირკვა. მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგას ვერა დატოვებს. გასარკვევი დარჩა ბოლოსწინა ადგილზე გასული გუნდის ვინაობა, რომელსაც სუპერლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო რაუნდში “ა” ლიგის ფინალისტთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. ამ ეტაპზე საკვალიფიკაციოს ყველაზე რეალურ კანდიდატები “მარგვეთი” და “ტიტები” არიან, რომელთა შორისაც სხვაობა 1 ქულაა, თუმცა შესაძლებელი იყო, თანაბრადაც ყოფილიყვნენ. ამისთვის ტიტებს დღევანდელი მატჩი ოლიმპთან უნდა მოეგო. მოგეხსენებათ, ოლიმპი სუპელრიგის ლიდერია და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ტიტებთან ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო პერიოდის წინ 11 ქულით წინ ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი ტიტები იყო…

დალაგებული და გუნდური თამაშის წყალობით, ტიტებმა დიდებული მეორე და მესამე პერიოდები ჩაატარეს, რომლებიც შესაბამისად 31:22 და 20:12 მოიგეს. ოლიმპს ამ მატჩში დაუბრუნდა გუნდისა და სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი, დრუ კუქსჰაუსენი, რომელმაც მანამდეც და ბოლო პერიოდშიც დავით როგავას გუნდს დიდად არგო. მისი ზუსტი სამქულიანებით და რა თქმა უნდა, ლინტონ ესლაისის შედეგიანობით, ოლიმპმა ბოლო პერიოდის საწყის 4 წუთში გააბათილა 11-ქულიანი ჩამორჩენა და დაწინაურდა  72:70. 

ტიტები ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა იშტაზე მოსულ ოლიმპის წამყვან მოთამაშეებს – გიგი ბაქრაძეს, ლუკა კალატოზიშვილს და უკვე ნახსენებ ესლაისსა და კუქსჰაუსენს. ოლიმპელთა ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია და ტიტებს თამაშის გადასარჩენად აღარც დრო ჰქონდა და აღარც რესურსი. მატჩი სუპერლიგის ლიდერის გამარჯვებით – 93:87 (სტატისტიკა) დასრულდა. ეს გახლდათ ოლიმპის ზედიზედ მე-8 გამარჯვება სუპერლიგაში. ისე კი, ბოლო 15 მატჩიდან ოლიმპს 14 მოგება გააჩნია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა ლინტონ ესლაისი, რომელმაც 32 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. კუქსჰაუსენმა თავი 20 ქულას მოუყარა, ხოლო გივი ბაქრაძისა და ობრი მაკალპინის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა. ტიტებში 25 ქულითა და 7 პასით საუკეთესო იყო კენდრიკ ტომპსონი. დარიუს ბელმა და სანდრო სანაძემ 18-18 ქულა დააგროვეს.