ლიდერთა უიღბლო მე-8 ტური | ქუთაისი, თსუ, ვსა დამარცხდნენ

ლიდერთა უიღბლო მე-8 ტური | ქუთაისი, თსუ, ვსა დამარცხდნენ

სუპერლიგის ტური ამჯერად შუა კვირაში იმართება. სამშაბათს მე-8 ტური დაიწყო, რომლის ეგიდით 3 მატჩი გაიმართა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გახლავთ ლიდერთა უიღბლო ტური. მარცხი განიცადა სუპერლიგის სამივე ლიდერმა – თითომარცხიანმა “ქუთაისმა”, თსუ-მ და მათ კვალში მყოფმა ვსა-მ. 

ქუთაისელებმა თბილისი არენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდ კსუ-კავკასიასთან 89:100 (სტატისტიკა) წააგეს. ქუთაისელებს ჰქონდათ თამაშის გადარჩენის შანსი, როცა პირველი ნახევრის 9 ქულით წაგების შემდეგ ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა უტეხი ხასიათი გამოავლინეს. გუნდური დაცვითი თამაშისა და შეტევაში ზუსტი თამაშის წყალობით იმდენი მოახერხეს, რომ ბოლო პერიოდში მეტოქეს 12 ქულით გაექცნენ და თამაშის ბოლო წუთებს აზრი დაუკარგეს.

კსუ-მ გუნდურად ითამაშა. მისი 6 კალათბურთელი 10-ქულიან ბარიერს ასცდა, რომელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო ლუკა მაზიაშვილი. 16 ქულა მოაგროვა ივა მეგენეიშვილმა, ჯასტინ ჰონის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 27 ქულით ტაირი ბოიკინი გამოირჩა, თუმცა ქუთაისელებს ამით ვერაფერი არგო.

ქუთაისმა მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა და პოტენციური ლიდერი 1 წაგების მქონე თსუ გახდა, რომელსაც ქუთაისელთა მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ბათუმში შეხვედრა ელოდა. დაძაბულ, ურთულეს ბრძოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა შეხვედრა 74:77 (სტატისტიკა) დათმო.

აქაც თითქმის იგივე სცენარი გათამაშდა, რაც კსუ-ქუთაისის მატჩში. თავდაპირველად თსუ გვარიანად ჩამორჩა. 10 ქულაზე მეტით აგებდა, თუმცა წამოწევა მოახერხა და მესამე პერიოდში წინაც გავიდა. ორივე გუნდს აკლდა სასტარტო ხუთეულის კალათბურთელები, ასე რომ ამ მხრივ პარიტეტი დაცული იყო. ბათუმელები არ გატყდნენ და ბოლო პერიოდში, ბოლო წამებზე გამარჯვება მოიპოვეს. ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო წუთზე საკვანძო აღმოჩნდა თსუ-ელი მალკოლმ დრამრაიტის შეცდომა, როცა ბოლო წამებზე, როცა თსუ ქულით აგებდა, ამერიკელმა ლეგიონერმა შეტევაში ბურთი დაკარგა. 

საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე მაირინ ტომასმა საჯარიმოებით 77:74 დააწინაურა ბათუმი და თსუ-ს გასათანაბრებლად დრო დარჩა. მჭიდრო დაცვის ხარჯზე თსუ-ს მსროლელმა, ალექსანდრე ფევაძემ სამქულიანი ააცილა, თუმცა ბურთი ბათუმელთაგან გადავიდა და თბილისელებს 1.4 წამი და გათანაბრების შანსი დარჩათ. ამჯერად სამქულიანი მიხეილ ბერიშვილმა ესროლა, რომელიც არ ჩავარდა და ბათუმმა ურთულესი გამარჯვება მოიპოვა.

დაბოლოს ვსა-ს მარცხი, რომელიც წინა ტურამდე თსუ-სა და ქუთაისთან ერთად ლიდერი იყო, მაგრამ ტყიბულში ორბთან ქულით დამარცხდა  და ლიდერთა კვალში აღმოჩნდა. ვსა რუსთავს მასპინძლობდა და რომ მოეგო, დაკარგული ქულებით თსუ-სა და ქუთაისს ეწეოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. თამაში რუსთაველთა უპირატესობით როგორც დაიწყო, ისე დასრულდა. ფავორიტად შერაცხულმა ვსა-მ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 75:96 (სტატისტიკა) დამარცხდა. 

რუსთავისთვის ეს გახლდათ სეზონის მე-3 გამარჯვება, ხოლო ვსა-სთვის მე-3 მარცხი. მე-8 ტური 17 დეკემბერს დასრულდება. გურჯაანში დელტა გორის ივერიონს მიიღებს, ხოლო ზესტაფონში მარგვეთი ტყიბულის ორბს უმასპინძლებს.