საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტმა, გეორგიოს ლიმნიატისმა ბერძნული კლუბი ლავრიო უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა. შეგახსენებთ, რომ ლიმნიატისი აღნიშნული გუნდის მთავარ მწვრთნელად გასულ თებერვალს დაინიშნა. ეს ინფორმაცია მაშინ გავრცელდა, როცა გეორგიოსი საქართველოს ნაკრებში იმყოფებოდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნით 2 მატჩს ატარებდა – ნიდერლანდებში და თბილისში ისლანდიასთან.
საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ლიმნიატისი საბერძნეთში დაბრუნდა და ბოლო ადგილზე მყოფი ლავრიო ჩაიბარა. საბერძნეთის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი 6 მატჩიდან მისმა გუნდმა 4 მოიგო და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
გეორგიოს ლიმნიატისი ბერძნულ კალათბურთში ცნობილი პერსონა უფრო მისი მოთამაშის კარიერითაა. ის ბერძნულ გრანდ “ოლიმპიაკოსში” სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ჯორჯი (საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას ასე მიმართავენ) საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წევრიც იყო და სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. “ლავრიო” არის პირველი კლუბი, სადაც ლიმნიატისი მთავრი მწვრთნელი იქნება. აქამდე მას მთავარ მწვრთნელად მხოლოდ საბერძნეთის 16-წლამდელთა ნაკრებში უმუშავია, ხოლო ასისტენტი ოთხ კლუბში – ნეა კიფისაში, კიმისში, პაოკში და აეკ-ში ყოფილა.