ლიმნიატისი საბერძნეთის უმაღლესი ლიგის კლუბ ლარვიოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ლიმნიატისი საბერძნეთის უმაღლესი ლიგის კლუბ ლარვიოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტი, გიორგიოს ლიმნიატისი საბერძნეთის უმაღლესი ლიგის კლუბ “ლავრიოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. კლუბი საკმაოდ ამბიციურია და გასულ სეზონში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობდა, თუმცა ახლა რთული დროება უდგას და საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. კლუბის ხელმძღვანელობამ სიტუაციიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად ახალი მწვრთნელის მოწვევა გადაწყვიტა და “ლავრიოს” მართვის სადავეები ლიმნიატისს გადაულოცა.

გეორგიოს ლიმნიატისი ბერძნულ კალათბურთში ცნობილი პერსონა უფრო მისი მოთამაშის კარიერითაა. ის ბერძნულ გრანდ “ოლიმპიაკოსში” სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ჯორჯი (საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას ასე მიმართავენ) საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წევრიც იყო და სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. “ლავრიო” არის პირველი კლუბი, სადაც ლიმნიატისი მთავრი მწვრთნელი იქნება. აქამდე მას მთავარ მწვრთნელად მხოლოდ საბერძნეთის 16-წლამდელთა ნაკრებში უმუშავია, ხოლო ასისტენტი ოთხ კლუბში – ნეა კიფისაში, კიმისში, პაოკში და აეკ-ში ყოფილა. 

გეორგიოს ლიმნიატისმა, რომელიც ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად ნიდერლანდებში იმყოფება, ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ლავრიოს ბოლო წლებში დიდი ამბიციები ჰქონდა. კლუბი საბერძნეთის ჩემპიონატში მოწინავეთა შორის იყო. შარშანწინ ითამაშა ფინალური სერია, როცა ოლიმპიაკოსი უმაღლესიდან მოკვეთეს და პანათინაიკოსთან სერია 1:3 დათმო. გუნდი გავიდა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში, სადაც საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. ამჯერად ლავრიოს პრობლემები აქვს. ვერ შეინარჩუნა წამყვანი მოთამაშეები და ახლა საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის. შემოთავაზება მივიღე, რადგან გამოწვევებს არ ვუშინდები და სადაც საბრძოლია, ბოლომდე მიყვარს დახარჯვა. იმედი მაქვს, მოვახერხებთ გუნდის უმაღლესში დატოვებას და ლავრიოს ევროსარბიელსაც დავუბრუნებთ”.

ლავრიოს 12-გუნდიან საბერძნეთის ჩემპიონატში 3 მოგება და 9 მარცხი აქვს. ანალოგიური შედეგით 9-12 ადგილებს 3 გუნდი – ლავრიო, აპოლონ პატრასი და კარდიცასი იყოფს.