საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლისის ტბაზე მედია ფესტივალი – „ბაჩოს თასი 2018“ ჩატარდა

ლისის ტბაზე მედია ფესტივალი – „ბაჩოს თასი 2018“ ჩატარდა

7 ივლისს, ლისის ტბაზე სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2018“ ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეები ერთმანეთს 3×3 კალათბურთსა და ქუჩის მინი-ფეხბურთში შეეჯიბრნენ. სპორტული ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის სახელობის ტურნირში მონაწილეობა სპორტული მედიის წარმომადგენლებმა, ბაჩოს მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მიიღეს.

ბაჩო სვანიძის ხსოვნის ტურნირი 2010 წლიდან სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით ტარდება. „ბაჩოს თასის“ მხარდამჭერები არიან კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. წლევანდელ ტურნირზე მედია-ფესტივალის პარტნიორი იყო ქართული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია „ზედაზენი“. მედია-ფესტივალი სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა. სპორტული მედიის საერთაშორისო დღე 2 ივლისს აღინიშნება.

ფესტივალი 3×3 კალათბურთით გაიხსნა. ტურნირში 5 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს „რეკორდმაისტერი“ და „მოწამეთა“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა „რეკორდმაისტერის“ გამარჯვებით ანგარიშით 12:4 დასრულდა. მესამე ადგილზე „ლელო“ გავიდა. კალათბურთის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ „რეკორდმაისტერის“ წევრი ბაჩო ცალუღელაშვილი დასახელდა.

სანახაობრივი გამოდგა ქუჩის მინი-ფეხბურთის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა 8 გუნდმა მიიღო. გადამწყვეტ შეხვედრაში „ბაჩოს მეგობრების“ გუნდმა „რეკორდმაისტერი“ ანგარიშით 7:1 დაამარცხა. მესამე ადგილი „ფენიქსმა“ დაიკავა, რომელმაც „TV მედიას“ 5:3 სძლია. ქუჩის მინი-ფეხბურთის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე „ბაჩოს მეგობრების“ წევრი ოთო მხეიძე გახდა. ქალთა შორის საუკეთესო მოთამაშეებად ეკა ელოშვილი და თამარ აბესაძე დასახელდნენ.

„ბაჩოს თასის“ გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები 3×3 კალათბურთში მედლებითა და სამახსოვრო პრიზებით 3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. ქუჩის მინი-ფეხბურთის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს სამახსოვრო საჩუქრები – ბურთები და მაისურები ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა. დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა. ტურნირის მონაწილეებს სამახსოვრო სერთიფიკატებთან ერთად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცემული სპორტული ლიტერატურა კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა გადასცა. ჟურნალისტებმა ასევე მიიღეს ლაშა გოდუაძის ავტორობით გამოცემული სპორტული თემატიკის წიგნები და ბროშურები.

სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი“ მეშვიდედ ჩატარდა. ფესტივალი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა სპორტული ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის სახელს ატარებს. ჟურნალისტმა კარიერის უკანასკნელი წლები სპორტულ გაზეთ „სარბიელში“ გაატარა.