საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლისის ტბაზე სპორტული ჟურნალისტების მედია ფესტივალი – “ბაჩოს თასი 2018“ გაიმართება

ლისის ტბაზე სპორტული ჟურნალისტების მედია ფესტივალი – “ბაჩოს თასი 2018“ გაიმართება

7 ივლისს, ლისის ტბაზე, სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი “ბაჩოს თასი 2018“ გაიმართება. “ბაჩოს თასი 2018“ ქუჩის მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში, ასევე მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებული სპორტული ჟურნალისტები და ბაჩო სვანიძის მეგობრები მიიღებენ.

ფესტივალი, 3/3-ზე კალათბურთის ტურნირით დილის 10:00 საათიდან დაიწყება და მაგიდის ჩოგბურთის და ქუჩის მინი-ფეხბურთის ტურნირებით გაგრძელდება. “ბაჩოს თასის“ გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს, მედლებით და სამახსოვრო პრიზებით კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დააჯილდოებს. ღონისძიებას დაესწრებიან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ფეხბურთის და კალათბურთის ფედერაციების, ასევე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, ბაჩო სვანიძის ოჯახის წევრები.

სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი “ბაჩოს თასი“ მეშვიდედ ჩატარდება. ფესტივალი 2010 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა სპორტული ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის სახელს ატარებს, რომელმაც ჟურნალისტური კარიერის უკანასკნელი წლები სპორტულ გაზეთ “სარბიელში“ გაატარა.

ბაჩო სვანიძის ხსოვნის ტურნირი 2010 წლიდან სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით ტარდება. „ბაჩოს თასის“ მხარდამჭერები არიან კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, ფეხბურთის და კალათბურთის ფედერაციები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. წლევანდელ ტურნირზე მედია-ფესტივალის პარტნიორია ქართული ლუდის და უალკოჰოლო სასმელების კომპანია “ზედაზენი“. მედია-ფესტივალი სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში იმართება, სპორტული მედიის საერთაშორისო დღე 2 ივლისს აღინიშნება.

 

ბაჩოს თასი 2018-ის დღის პროგრამა

10:00-12:00 – 3/3 კალათბურთი (პლეი-ოფი, ფინალები)
12:00-13:00 – მაგიდის ჩოგბურთი (პლეი-ოფი)
14:00-16:00 – ქუჩის მინი-ფეხბურთი (პლეი-ოფი) 
16:00 – მაგიდის ჩოგბურთის ფინალები 
16:30 – ქუჩის მინი-ფეხბურთის ფინალები
17:00 – დაჯილდოება!