ლუქსემბურგი – საქართველო 60:88

საქართველოს ნაკრებმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა!
კენ შილდსის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგში მასპინძელი ნაკრები 88:60 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპზე მეხუთე შეხვედრაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამავე, C ქვეჯგუფში ფინეთმა გასვლაზე ავსტრიას 87:63 მოუგო და ჯერაც პირველ ადგილზეა, საქართველო კი მეორე პოზიციაზე იმყოფება.
ჩვენმა ნაკრებმა შესანიშნავად დაიწყო მატჩი და პირველი 10 წუთის მერე 26:8 იგებდა. ატლანტის ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია თავიდან შეუჩერებელი იყო და საბოლოოდ 16 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა შეხვედრა, პირწმინდად აჯობა თავის ოპონენტ ელვინ ჯოუნსს, რომელმაც 5 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა  და 3-3 ფოლი-შეცდომა დააგროვა.

ძალიან კარგად ითამაშა ნაკრების კაპიტანმა ვატო ნაცვლიშვილმა, რომლის მონაგარიც 14 ქულა და 5 მოხსნა იყო, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილი კი ამჯერადაც სოლიდური იყო და ნაკრებს 16 ქულით (27 წუთში) შეეშველა.
ტაირონ ელისმა შეხვედრა 10 ქულით ჩაამთავრა, ხოლო გიორგი გამყრელიძე კი ეფექტურად ჩაერთო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან და 10 ქულა გააკეთა. მის ანგარიშზე 4-დან 3 ზუსტი  საშუალო სროლა იყო.
კენ შილდსი (მთავარი მწვრთნელი): “პირველ რიგში, მსურს ნაკრების ყველა მოთამაშესა და სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო. საერთო ჯამში, კარგი მატჩი გამოგვივიდა, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ წინ გაცილებით რთული შეხვედრები გველის, სადაც კიდევ უფრო უკეთ უნდა ვითამაშოთ დაცვაში. ავსტრიის, ისლანდიისა და ფინეთის წინააღმდეგ საუკეთესო კონდიციებში უნდა ვიყოთ”.
დავით უსტიაშვილი (ასისტენტი): “კარგად დავიწყეთ და უკვე პირველი მეოთხედის მერე სოლიდურად დავწინაურდით. მერე და მერე, უპირატესობა კიდევ უფრო გავზარდეთ და შეხვედრა ჩვენთვის სასურველ შედეგამდე მივიყვანეთ. ყველა მოთამაშეს მიეცა მოედანზე გასვლის საშუალება. ვაცნობიერებთ, რომ წინ გაცილებით რთული შეხვედრები გველის და კონცენტრაციის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ავსტრია, ისლანდია და ფინეთი ლუქსემბურგზე მეტ პრობლემას შეგვიქმნიან”.
შეხვედრის სრულ სტატისტიკას აქ იხილავთ.