მაიამისთან შეხვედრაში მამუკელაშვილმა 27 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა

მაიამისთან შეხვედრაში მამუკელაშვილმა 27 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა

სანდრო მამუკელაშვილის მეორე მატჩი ნბა-ში და პირველი მოპოვებული ქულები. “მილუოკი ბაქსის” ქართველმა ფორვარდმა “მაიამი ჰითთან” 95:137 (სტატისტიკა) შეხვედრაში 27 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ის მოედანზე მის პოზიციაზე მოთამაშე თანაგუნდელზე, ნბა-ს სუპერვარსკვლავ იანის ადეტოკუმბოზე მეტხანს იმყოფებოდა. იანისმა 23 წუთში 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

მამუკელაშვილზე მეტი ხნით მოედანზე მილუოკელთაგან მხოლოდ გრეის ალენი იმყოფებოდა, რომელმაც 29 წუთში 14 ქულა მოაგროვა. სწორედ ალენი, ადეტოკუმბო და მამუკელაშვილი იყო “მილუოკის” სამი საუკეთესო მექულე ამ მატჩში, რომელიც ლამის ისტორიული გამოდგა “მაიამისთვის”. ფლორიდულ გუნდს ნბა-ში ყველაზე დიდი სხვაობით 1994 წელს მოუგია, როცა “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 43 ქულით დაამარცხა. დღეს კი “მილუოკის” 42 ქულით აჯობა.

ამხელა სხვაობით წაგება ცოტა არ იყოს გაუგებარია, რადგან “მილუოკი” ნბა-ს მოქმედი ჩემპიონია და მიმდინარე სეზონიცერთ-ერთი ფავორიტის – “ბრუკლინ ნეთსის” განადგურებით დაიწყო. ასეა თუ ისე, მილუოკიმ ეს შეხვედრა ჩააგდო, რაც ბევრს არაფერს ნიშნავს. წინ რეგულარული ჩემპიონატის კიდევ 80 მატჩია.

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და თამაშში პირველსავე მეოთხედში, შეხვედრის მე-6 წუთზე ჩაერთო. მან პეტ კონუგტონი შეცვალა. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, სანდრო საკმაოდ პროდუქტიული იყო და მილუოკელთა ტოპ-3 შედეგიან მოთამაშეს შორის მოხვდა. მან ყველა პერიოდში გარკვეული დროით ითამაშა, რამაც ჯამში 27 წუთზე მეტი შეადგინა.

მომდევნო შეხვედრას “მილუოკი” 24 ოქტომბერს, ტეხასში, “სან ანტონიოსთან” გამართავს.