მაკედონიამ ლიტვა სახლში დატოვა

მაკედონიამ ლიტვა სახლში დატოვა

მეორე ჯგუფური ეტაპიდან გასული გუნდებისთვის ერთდღიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონატი მეოთხედფინალებით გაგრძელდა. 14 სექტემბერს ერთმანეთს 4 გუნდი შეხვდა: ესპანეთი–სლოვენია და ლიტვა–მაკედონია. ოთხმა კი დაისვენა და 15 სექტემბერს ითამაშებენ.
 
ახლა კიდევ უფრო ვრწმუნდებით, თუ რა კარგად უთამაშია საქართველოს ნაკრებს მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში. იგორ კოკოშკოვის გუნდმა მაკედონიას ბოლო მეოთხედში აჯობა და ბოლო წამზე ბო მაკალების დიდოტატური გარღვევის გამო წააგო. სწორედ მაკალები და მისი მაკედონიელი თანაგუნდელები გახდნენ ჩემპიონატის ყველაზე დიდი სენსაციის შემოქმედნი. მეოთხედფინალურ მატჩში მარინ დოკუზოვსკის შეგირდებმა თვით ევრობასკეტის მასპინძელი ლიტვა დაამარცხეს. კაუნასის ყვითელ–მწვანედ, ანუ ლიტველი ქომაგებით გადაჭედილ 14–ათასიან დარბაზში მაკედონიელებმა ლიტვა 67:65დაამარცხეს.
 

ამ შავკანიანმა ევრობასკეტზე ამბები დაატრიალა…
 
ბო მაკალების შეუჩერებელი ინდივიდუალური გარღვევებითა და მისი თანაგუნდელების თავგანწირული თამაშით, მაკედონიელებმა წარმოუდგენელი რამ შეძლეს. მთელი თამაშის განმავლობაში უმცირესი სხვაობით ჩამორჩენა გადამწყვეტი მეოთხედის მიწურულს სათავისოდ შეატრიალეს და საბოლოოდ 67:65 იმარჯვეს. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი მაკალები იყო – 23 ქულით, 2 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით. ლიტველთაგან კი რობერტას იავტოკასმა 13 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.
 
ნახევარფინალში მაკედონია ესპანეთს დაუპირისპირდება და ეჭვი არაა, ევრობასკეტს მოშორდება ეს თავნება გუნდი, რომელმაც  ევრობასკეტს ძალიან სიმპატიური და ეშხიანი მასპინძელთა ნაკრები გამოთიშა.  მეორე ნახევარფინალურ წყვილს კი 15 სექტემბერს ჩასატარებელი მეოთხედფინალები გამოავლენენ. რუსეთი სერბეთს ეთამაშება, საფრანგეთი – საბერძნეთს.
 
მეოთხედფინალები
ესპანეთი – სლოვენია 86:64
მაკედონია – ლიტვა 67:65