მაკფადენის 120 ქულა 2 მატჩში და მორიგი MVP-ის ტიტული ჩინეთის ჩემპიონატში

მაკფადენის 120 ქულა 2 მატჩში და მორიგი MVP-ის ტიტული ჩინეთის ჩემპიონატში

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი ჩინეთში საოცარ შედეგიანობას აჩვენებს. 56 ქულის მითვლისა და კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარების შემდეგ მაკფადენმა გასულ 2 ტურში ჯამში 120 ქულა ჩააგდო და ისევ MVP-ის ტიტული დაიმსახურა.

მატჩები პარასკევს და კვირას გაიმართა. 3 აგვისტოს მაკფადენის “ჩონქკინგმა” “ბეიჯინი” ისტუმრა და 149:121 დაამარცხა. ქართული პასპორტის მქონე უკანახაზელმა 14 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი 61 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა. მაკფადენმა შეუცვლელად – 48 წუთი ითამაშა და საოცარი შედეგიც დააფიქსირა. 

გუშინ კი “ჩონქკინგმა”  “ლჰასას” უმასპინძლა და 133:125 სძლია. ამ მატჩში თად მაკფადენმა ასევე შეუცვლელად ითამაშა და 59 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. “ჩონქკინგს” 8 მოგების წილ 15 მარცხი აქვს და 15-გუნდიან NBL-ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს მაკფადენის გუნდი 8 აგვისტოს, შინ “გუიჟუსთან” გამართავენ.