მაკფადენის 20 ქულა ვალენსიასთან და მურსია ესპანეთის თასის ნახევარფინალშია

მაკფადენის 20 ქულა ვალენსიასთან და მურსია ესპანეთის თასის ნახევარფინალშია

ქალაქ გრანადაში მიმდინარე ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გასულ გიორგი შერმადინს საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი – თად მაკფადენი შეუერთდა. შერმადინის ტენერიფე 19 თებერვალს მადრიდის რეალს შეხვდება და ფინალში გასვლას ეცდება, ხოლო თად მაკფადენის მურსია ნახევარფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

ორმაგად სასიხარულო ისაა, რომ ორივე მეოთხედფინალში ჩვენი ნაკრების კალათბურთელები იყვნენ საუკეთესონი. შერმადინის ამბავი უკვე შემოგთავაზეთ, წუხელ გამართულ მურსიასა და ვალენსიას დაპირისპირება 86:83 დასრულდა – დაძაბულ ბრძოლაში მაკფადენის გუნდმა იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

მაკფადენმა 22 წუთში 20 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა წევრმა 11-დან 5 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც საუკეთესო იყო მურსიელთა შემადგენლობაში.

მურსიასა და ბარსელონას მატჩი 19 თებერვალს, ღამის პირველის ნახევარზე დაიწყება, მანამდე კი, 21:30 საათზე შერმადინის ტენერიფე რეალს დაუპირისპირდება.