მაკფადენმა ტენერიფელებს მოაგებინა, ბურჯანაძე კი განაცხადში არ ყოფილა

მაკფადენმა ტენერიფელებს მოაგებინა, ბურჯანაძე კი განაცხადში არ ყოფილა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა წევრმა, თად მაკფადენმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. მან თავის გუნდ “ტენერიფე იბეროსტარს” მე-4 ტურის მატჩი სტუმრად, “გიპუზკოა ბასკეტთან” მოაგებინა. სამწუხაროა, რომ სანსებასტიანურ გუნდში არ უთამაშია ბექა ბურჯანაძეს, რომელიც 12-კაციან განაცხადში არ ყოფილა. 

ტენერიფელები თითქმის მთელი თამაში აგებდნენ და ამ შეხვედრას წააგებდნენ კიდეც, საფინალო სირენამდე 1 წამით ადრფე მაკფადენს გამთანაბრებელი ორქულიანი რომ არ ჩაეგდო და ოვერტაიმში კიდევ 7 ქულა არ მიეთვალა. ქართულპასპორტიანი ამერიკელის შედეგიანობით “იბეროსტარმა” შეხვედრა 79:73 მოიგო.

მაკფადენმა სასტარტო ხუთულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 25:35 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თადმა 6-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის შემდეგ ტენერიფელთაგან 13 ქულით ხავიერ ბეირანი გამოირჩა. მაკფადენის საერთო სარგებლიანობის ინდექსმა 20-ს უწია და ის ამ მაჩვენებლით თავისიანთაგან საუკეთესო იყო.

4 ტურის შემდეგ “ბასკონიას” დარად 3 გამარჯვება აქვს “იბეროსტარს” და შენგელიას გუნდთან 3-4 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს მაკფადენის გუნდი 20 ოქტომბერს, შინ “ფუენლაბრადასთან” გამართავს.