მაკფადენმა ტენერიფელებს ვენეციაში მოგებულ მატჩში ულიდერა

მაკფადენმა ტენერიფელებს ვენეციაში მოგებულ მატჩში ულიდერა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი წევრი, თად მაკფადენი შეუჩერებელია. ესპანური ლიგის ოქტომბრის თვის MVP-ის, თორნიკე შენგელიას შემდეგ ის ლიგის ყველაზე შედეგიანი კალათურთელია, ხოლო წარმატებულ თამაშს ის ევროასპარეზზეც აგრძელებს. ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მაკფადენის “ტენერიფე იბეროსტარმა” მორიგი მატჩი იტალიაში – “ვენეციის” წინააღმდეგ გამართა და საქართველოს ნაკრების წევრის წინამძღოლობით გამარჯვებას მიაღწია – 72:65.

თადი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:23 წუთში 21 ქულა და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. საინტერესოა, რომ ვენეციელთა რიგებში საუკეთესო საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი მარკიზ ჰეინსი იყო, რომელმაც 32:11 წუთში 19 ქულა მოაგროვა. შეგახსენებთ, რომ ჰეინსი ჩვენი ნაკრების ღირსებას ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე იცავდა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 8.0 ქულა, 1.6 მოხსნა, 1.2 პასი და 0.9 დაფარება გახლდათ.

“იბეროსტარ ტენერიფეს” 4 მოგება აქვს და ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფს მაქსიმალური შედეგით ლიდერობს. ესპანურ გუნდს მომდევნო მატჩი 6 ნოემბერს შინ ელის, როდესაც ისრაელის წარმომადგენელ “ჰოლონს” უმასპინძლებს.