მამუკელაშილის სეტონ ჰოლმა პირველობა დაკარგა და კონფერენციის მეოთხედფინალში მარკეტს შეხვდება

მამუკელაშილის სეტონ ჰოლმა პირველობა დაკარგა და კონფერენციის მეოთხედფინალში მარკეტს შეხვდება

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა ვერ გაუძლო NCAA-ის ერთ-ერთი წამყვანი – Big East-ის კონფერენციის ლიდერის სტატუსს და ბოლო 2 ტურში განცდილი წაგებების შემდეგ რეგულარული ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა. “მეკობრეები” მიმდინარე სეზონში თითქმის სულ ლიდერობდნენ, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ჯერ ვილანოვასთან (77:79) წააგეს, შემდეგ კი კრეიტონთანაც დათმეს (60:77) და საბოლოოდ სწორედ ამ გუნდების ზურგსუკან აღმოჩდნენ.

სამივე ამ გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი ერთნაირი შედეგით – 13 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა, თუმცა ურთიერთშეხვედრებით პირველი ადგილი კრეიტონს ერგო, მეორე – ვილანოვას, ხოლო მესამეზე სეტონ ჰოლი აღმოჩნდა. რაც მოხდა, ამით ბევრი არაფერი დაუკარგავს საჩემპიონო ამბიციის სეტონ ჰოლს. მთავარი ხომ პლეი ოფია, რომელიც კონფერენციის 8 საუკეთესო გუნდს თავს ნიუ იორკში მოუყრის და მედისონ სკვერ გარდენში 1 კვირის თავზე ჩემპიონი გამოვლინდება. 

სეტონ ჰოლმა ის დაკარგა, რომ პლეი ოფში მე-3 განთესილის სტატუსით შევა და პირველ წრეში (მეოთხედფინალში) არა აუტსაიდერ სენტ ჯონსს, არამედ მებრძოლ და საკმაოდ საშიშიშ მარკეტს შეხვდება. პირველობის პლუსი კიდევ ის იყო, რომ მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ოპონენტებს ფინალამდე არ შეხვდებოდა. რაც შეეხება მამუკელაშვილის ბოლო 2 წაგებულ მატჩში ნაჩვენებ სტატისტიკას, საკმაოდ შთამბეჭდავია. ვილანოვასთან სანდრომ 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო კრეიტონთან 7 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი. 

ახლა მთავარი პლეი ოფია. მამუკელაშვილისა და მაილს პოუელის იმედით სეტონჰოლელები ჩემპიონობას უმიზნებენ. ვნახოთ, ყველაფერი ნიუ იორკში გაირკვევა, სადაც 13 მარტს Big East-ის საჩემპიონო ტურნირი მეოთხედფინალიდან დაიწყება. სეტონ ჰოლის პირველი მეტოქე მარკეტი იქნება.