სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კონფერენციის – Big East-ის წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ეს არის უდიდესი აღიარება 21 წლის ქართველი კალათბურთელისა, რომელიც წლეულს ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში ასპარეზობას ასრულებს და ბედს ნბა-ს დრაფტზე ცდის, სადაც მას რომელიმე პროფესიული კლუბი უთუოდ აიყვანს. სანდროსთან ერთად Big East-ის კონფერენციაში კიდევ 2 კალათბურთელი გამოარჩიეს. ესენი არიან ვილანოველი მოთამაშეები კოლინ ჟილსფაი და იერემია რობინსონ-ერლი. ესეთი რამ აღნიშნულ კონფერენციაში პირველად მოხდა.
მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციაში იმ ორ კალათბურთელს შორისაა, რომლებიც ქულებში, მოხსნებსა და პასებში საუკეთესოთა შორის იმყოფებიან. ის მეორეა ქულებში (17.8), მე-6 მოხსნებში (7.3) და მე-13 ასისიტებში (3.1).
სანდრომ 20 ან მეტი ქულის ჩაგდება 12 მატჩში მოახერხა, 2-ჯერ კი 30 ქულასაც უწია. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი გამორჩეულია, რადგანაც სეტონ ჰოლის მძიმე ფორვარდთაგან იდენტური რამ მხოლოდ ლიეტუველ არტურას კარნიშოვასს მოეხერხებინა უკვე შორეულ 1993-94 წლების სეზონში.
აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი წინა წელსაც „სეტონ ჰოლის“ კალათბურთელს, მაილს პაუელს ერგო.
მამუკელაშვილი კარლ მელოუნის სახელობის პრიზისთვისაც იბრძვის, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო თავდამსხმელს (მძიმე ფორვარდი) გადაეცემა. სანდრო ამ ნომინაციაში ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა და ფინალში გავიდა. გამარჯვებული კი 9 აპრილს გამოვლინდება.