მამუკელაშვილი მოედანზე 12 წუთითა და 6 ქულით დაუბრუნდა

მამუკელაშვილი მოედანზე 12 წუთითა და 6 ქულით დაუბრუნდა

რამდენიმემატჩიანი პაუზის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი მოედანს დაუბრუნდა. ქართველ ფორვარდს ზურგის ტრავმა აწუხებდა და მოედანზე არ გამოჩენილა, ბოლო მატჩში კი, რომელიც სან ანტონიომ საკრამენტოსთან ჩაატარა, 12 წუთი ითამაშა. 

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. სანდრომ 2-დან ერთი ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მესამე პერიოდის ბოლო წამზე, სირენის თანხლებით სანდრომ ორქულიანი ჩააგდო და სან ანტონიო ბოლო მეოთხედს წინ მეტოქეს ქულით მიაახლოვა – 94:95. საკრამენტოელებმა ბოლო პერიოდი უკეთესად ჩაატარეს და საბოლოოდ 129:120 გაიმარჯვეს.

საკრამენტოს დე’აარონ ფოქსმა ულიდერა, მან 43 ქულა ჩააგდო, ბურთი ფარიდან 8-ჯერ მოხსნა და 7 პასიც გააკეთა. ლიეტუველ დომანტას საბონისს სამმაგ დუბლამდე სამი პასი დააკლდა: 27 ქულა, 14 მოხსნა და 7 პასი. ვიქტორ ვემბანიამას 27 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა.

სან ანტონიო მომდევნო მატჩში მემფის გრიზლის შეხვდება. მამუკელაშვილის გუნდი 3 მოგებითა და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.