ნბა-ს მორიგ საგამოფენო მატჩში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც წინა შეხვედრაში, 2 დღის წინ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და “ბრუკლინთან” ბრძოლაში წაგებულ მატჩში 30 წუთში 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ამჯერად სანდროს 10 წუთით ნაკლები სათამაშო დრო მიეცა, რისი მიზეზიც მილუოკელთა სუპერვარსკვლავის, იანის ადეტოკუმბოს ტრავმიდან მობრუნებაა. ოკლაჰომა თანდერთა შინ გამართულ მატჩში იანისმა 17 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, “მილუოკიმ” კი მეტოქე 130:110 დაამარცხა.
სასტარტო ხუთეულში ფორვარდის პოზიციაზე სწორედ ადეტოკუმბო გახლდათ, მამუკელაშვილმა კი შეცვლაზე ითამაშა და მოედანზე გატარებულ 20:03 წუთში 7 ქულის, 2-2 მოხსნა-პასის მოგროვება შეძლო. სანდრომ ერთი სამქულიანი ტყორცნა და ისიც ზუსტად, მისი 4 ორქულიანიდან კი შედეგიანი 2 აღმოჩნდა. ქართველ კალათბურთელს ერთი მოხსნა შეტევაში ჰქონდა, ერთიც დაცვაში. ამასთან, ბურთი ერთხელ დაკარგა, ორჯერ კი დაჯარიმდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩზე სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტული ზედა ტანისამოსით (ჰუდით) მივიდა, რითაც ხაზი გაუსვა მის დამოკიდებულებას სამშობლოსა და ჩვენი ეროვნული გუნდის მიმართ.
მილუოკიმ, რომელსაც ამ მატჩში ლიდერები დაუბრუნდნენ, უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, დიდ შესვენებაზე კი 27-ქულიანი სხვაობით გავიდა (81:54). შეხვედრის მეორე ნახევარში ოდნავ უკეთესი ოკლაჰომა იყო, თუმცა მატჩის ბედის შემოსატრიალებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ყველაზე შედეგიანი ოკლაჰომას მცველი ლუგენც დორტი იყო, რომელმაც თამაში 19 ქულით დაასრულა. გამარჯვებულთა შორის ჯორდან ნვორა (15 ქულა, 8 მოხსნა), ელაიჯა ბრაიანტი და კრის მიდლტონი გამოირჩნენ (14-14 ქულა). იანის ადეტოკუმბომ 8 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.
მომდევნო საგამოფენო მატჩს მილუოკელები 14 ოქტომბერს, ლოტ ლეიკ სიტიში, იუტა ჯაზთან ჩაატარებენ.